ჩრდილოეთ კორეაში შექმნილი მძიმე ვითარება დიპლომატებს ქვეყნის დატოვებისკენ უბიძგებს

6

ჩრდილოეთ კორეიდან გაქცეულმა რუსმა დიპლომატებმა აღწერეს ქვეყანაში წამლებისა და სხვა აუცილებელი საქონლის მწვავე დეფიციტი, რაც მიუთითებს პანდემიის გამო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი საკარანტინო რეჟიმით გამოწვეულ კრიზისზე. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.

ხუთშაბათს გამოქვეყნებულ წერილში, ფხენიანში რუსეთის საელჩოს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა აღწერეს უცხოელი დიპლომატიური წარმომადგენლების “კოლექტიური გამგზავრება”, რაც მათ იწინასწარმეტყველეს, “ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქში გაუსაძლისი პირობების გამო”.

“ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქიდან წასულების გაგება შეიძლება. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ყველამ გაუძლოს უპრეცედენტო სრულ შეზღუდვებს, აუცილებელი საქონლის მწვავე უკმარისობას, მედიკამენტების ჩათვლით, ჯანმრთელობის პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობის არარსებობას”, – წერენ რუსეთის საელჩოს თანამშრომლები.

რუსეთს ჩრდილოეთ კორეაში ერთ-ერთი უდიდესი დიპლომატიური წარომადგენლობა ჰყავს, მაგრამ თანამშრომლებმა წასვლა დაიწყეს აუცილებელი მედიკამენტების ნაკლებობისა და პრობლემების გამო. საელჩოს წერილში ნათქვამია, რომ ფხენიანში დიპლომატი თითქმის აღარ დარჩა.

თებერვალში რუსი დიპლომატები და მათი ოჯახის წევრები იძულებულნი გახდნენ მატარებლით გადაეკვეთათ საზღვარი და 30 საათზე მეტხანს გაატარეს მატარებელში ფხენიანიდან საზღვრისკენ.

ჩრდილოეთ კორეის საზღვრები ფაქტობრივად დაიხურა გასული წლის იანვრიდან იმის გამო, რომ მსოფლიოში პანდემიაა. ანალიტიკოსების თქმით, ამ ზომებმა საშუალება მისცა მთავრობას გაემკაცრებინა კონტროლი ყოველდღიურ ცხოვრებაზე იმ დონეზე, როგორიც იყო 1990-იან წლებში.

ქვეყნიდან მცირე ინფორმაციამ მაინც გაჟონა, შეინიშნებოდა საკვების დეფიციტისა და კრიზისის გაღრმავება. გასულ კვირას ჩრდილოეთ კორეის ექვსი მესაზღვრე ჩინეთში გაიქცა და განაცხადეს, რომ ქვეყანაში შიმშილი და დაღლილობაა. მიუხედავად იმისა, რომ დეზერტირობა რეგულარულად ხდება, ასეთი დიდი ჯგუფი, როგორც წესი, ასე უცებ ვერ კვეთს ერთად საზღვარს.

Human Rights Watch-ის ჩრდილოეთ კორეის უფროსმა სტიპენდიანტმა გასულ თვეში თქვა, რომ მას შარშან უთხრეს, რომ საკვების, საპნის, კბილის პასტის და ბატარეების დეფიციტი იყო. ჩრდილოეთ კორეის ვაჭრობა ჩინეთთან დაახლოებით 80%-ით შემცირდა, სურსათისა და წამლის იმპორტი გასულ წელს ნულამდე დაეცა, რადგან მთავრობამ განაცხადა, რომ ჩინეთთან საზღვარზე ვაჭრობა კორონავირუსის გავრცელებას გამოიწვევდა. მწვავე წყალდიდობამ სოფლის მეურნეობის წარმოებაც შეაფერხა, რაც ქვეყანაში საკვების დეფიციტს ამძაფრებს, წერს მკვლევარი ლინა იუნი.

მან ახალი “ექსტრემალური ზომები” შეადარა სუპერ მკაცრ კონტროლს გასული ათწლეულების განმავლობაში, როდესაც მთავრობა აკონტროლებდა ყველა ინფორმაციას და საკვებისა და მასალების განაწილებას, ხოლო თავისუფალი ბაზრის საქმიანობა იკრზალებოდა. ამ პირობებმა გასული საუკუნის 90-იან წლებში საბჭოთა კავშირის დაშლისა და კვების მარაგების შეწყვეტის შემდეგ ფართო შიმშილობა გამოიწვია.

ჩრდილოეთ კორეას ოფიციალურად არ გამოუცხადებია კორონავირუსის შემთხვევების შესახებ ქვეყანაში, მოგზაურობის მკაცრი შეზღუდვებისა და საკარანტინო საშუალებების გამო. მაგრამ ანალიტიკოსების აზრით, ვირუსული აფეთქებები შეიძლება მომხდარიყო არმიასა და სასაზღვრო ქალაქებში.

ჩრდილოეთ კორეა მიიღებს 1,7 მილიონ დოზას Oxford/AstraZeneca-ს ვაქცინას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის Covax პროგრამის საშუალებით, რომელიც აწვდის ვაქცინებს საშუალო და დაბალი შემოსავლის ქვეყნებს.

Comments
Loading...