“ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის” გაშვება, შესაძლოა, 2022 წლის მარტამდე გადაიდოს

5

გერმანიის მარეგულირებლის მიერ “ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის” სერტიფიცირების პროცედურის შეჩერების გამო, გაზსადენის ექსპლუატაციაში გაშვება, შესაძლოა, 2022 წლის მარტამდე გადაიდოს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს.

გამოცემის ცნობით, მილსადენის პირველი ნაკადი, შესაძლოა 2022 წლის პირველ ნახევარშიც ვერ გაეშვას.

გუშინ გერმანიის მარეგულირებელმა ორგანომ რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ის სერტიფიცირების პროცესი დროებით შეაჩერა.

მიმდინარე წლის ნოემბრის დასაწყისში გერმანიის ეკონომიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ ” ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის” გაზის მიწოდების საიმედოობის ანალიზი შეადგინა და შედეგები ქსელების ფედერალურ ოფისს გადასცა. ექსპერტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ახალი გაზსადენის სერტიფიცირება გერმანიისა და ევროკავშირის გაზის მიწოდების უსაფრთხოებას საფრთხეს არ შეუქმნის.

შემდგომი ნაბიჯია, რომ სერტიფიცირების პროცესი დაადასტუროს გერმანიის ქსელის მარეგულირებელმა, რომელმაც განაცხადი 13 სექტემბერს მიიღო და შემდეგ ევროკომისიამ უნდა გამოთქვას თავისი პოზიცია გაზსადენთან დაკავშირებით. ბრიუსელის ოფიციალურ პირებს კიდევ ორი თვე აქვთ საკუთარი აზრის დასაფიქსირებლად.

ექსპერტებმა უნდა შეაფასონ, შეესაბამება თუ არა მილსადენი ევროკავშირის ბაზრის წესებს, რომლებიც კრძალავს ერთ კომპანიას იყოს მილსადენის მფლობელიც და გაზის მიმწოდებელიც.

მას შემდეგ რაც ფედერალური ქსელის სააგენტო ბრიუსელის დასკვნას მიიღებს, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად მას კიდევ ორი თვე ექნება. ამრიგად, სერტიფიცირების პროცესს შეიძლება რვიდან ათ თვემდე დასჭირდეს.

1 200 კილომეტრის სიგრძის გაზსადენმა რუსული ბუნებრივი აირის მიწოდება გერმანიაში ბალტიის ზღვის გავლით და უკრაინის გვერდის ავლით უნდა განახორციელოს.

“ჩრდილოეთი ნაკადი 2”-ის მეშვეობით, ყოველწლიურად 55 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მიწოდება იქნება შესაძლებელი.

Comments
Loading...