ჩინეთის წილი საქართველოს ექსპორტში მნიშვნელოვნად იზრდება და 9.9%-ს შეადგენს

442

2013 წლიდან ჩინეთის წილი საქართველოს ექსპორტში ზრდის ტენდენციით ხასიათდება. აღნიშნულმა მაჩვენებელმა თავის მაქსიმუმს 2017 წლის იანვარი – თებერვლის პერიოდში მიაღწია – საქართველოს მთლიანი ექსპორტის 9.9%. ჩინეთში ექსპორტის ზრდის ტენდენციას მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს ჩინეთ-საქართველოს შორის დადებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება.

უნდა აღინიშნოს, რომ ჩინეთის წილი საქართველოს მთლიან იმპორტში ყოველთვის აღემატებოდა საქართველოს ექსპორტში ჩინეთის წილს. თუმცა 2014 წლიდან დაიწყო იმპორტში ჩინეთის წილის შემცირება და 2017 წლის იანვარ-აპრილში აღნიშნულმა მაჩვენებელმა 7.1% შეადგინა.

2016 წლის მდგომარეობით, ჩინეთში ექსპორტირებული პროდუქციის 77.7%-ს სპილენძის მადნების რეექსპორტი შეადგენს, სპილენძის მადნები საქართველოში ძირითადად სომხეთიდან იმპორტირდება. ყურძნის ნატურალური ღვინოების წილი ჩინეთთან ექსპორტში წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი მერყეობით ხასიათდებოდა. 2005 წელს აღნიშნული მაჩვენებელი მხოლოდ 0.9% იყო, თუმცა 2016 წელს ყურძნის ნატურალური ღვინოების წილი ჩინეთთან ექსპორტში გაიზარდა და  8.2% შეადგენს.

ჩინეთში ექსპორტისგან განსხვავებით, ჩინური იმპორტის სტრუქტურა უფრო მრავალფეროვანია. 2016 წლის მდგომარეობით, ჩინეთიდან უმსხვილესი საიმპორტო პროდუქტი დანადგარები და მექანიკური მოწყობილობებია, რომლის წილი ჩინეთიდან მთლიან იმპორტში საშუალოდ 20%-ს შეადგენს. მეორე უმსხვილესი საიმპორტო პროდუქტი ელექტრონული მოწყობილობებია, რომელიც ჩინეთიდან იმპორტის დაახლოებით 15%-ს შეადგენს.

Comments
Loading...