“ჩვენ და საერთაშორისო სავალუტო ფონდი ერთი მიმართულებით ვხედავთ საქართველოს განვითარებას”

447

"როგორც ჩვენ, ისე საერთაშორისო სავალუტო ფონდი ერთი მიმართულებით ვხედავთ ქვეყნის განვითარებას, ქვეყანაში სტაბილური ეკონომიკური განვითარების მიღწევის შესაძლებლობას", – აღნიშნულის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძესთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელ მერსედეს ვერა მარტინთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

"დღეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ერთად ჩვენ შევაჯამეთ ორკვირიანი მოლაპარაკებების პროცესი, რომლის შედეგადაც ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას ფონდის მისიის დონეზე, მისიის ფარგლებში, სამწლიან პროგრამასთან დაკავშირებით.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება. ძალიან კარგი რაც არის ამ შეთანხმებაში, არის ის, რომ აღნიშნული პროგრამა არის დაფუძნებული სრულად საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიან გეგმაზე, პრაქტიკულად საერთაშორისო სავალუტო ფონდის სამწლიანი მხარდაჭერის პროგრამა იქნება მხარდაჭერის პროგრამა ჩვენი რეფორმების, ჩვენი ქვეყნის განვითარების იმ ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის, რომელიც ჩვენ გვქონდა წარმოდგენილი, შესაბამისად ძალიან ადვილი იყო ამ შეთანხმების მიღწევა იმიტომ, რომ, როგორც ჩვენ, ისე საერთაშორისო სავალუტო ფონდი ერთი მიმართულებით ვხედავთ ქვეყნის განვითარებას, ქვეყანაში სტაბილური ეკონომიკური განვითარების მიღწევის შესაძლებლობას, აქედან გამომდინარე ის სტრუქტურული რეფორმები, ის ცვლილებები, რომელიც ჩვენ გვაქვს ბიუჯეტში, რომელიც უკვე წარმოდგენილია, სადაც გათვალისწინებულია მიმდინარე ხარჯების ეტაპობრივი შემცირება და ამის პარალელურად კაპიტალური ხარჯების და ინვესტიციების ზრდა, ამავდროულად საგადასახადო რეფორმები, რომელიც ასევე წარმოდგენილია და რომელიც ეკონომიკის ზრდისთვის მეგობრულია, ყველაფერი ეს ჯამურადაა ასახული პროგრამაში, რომელზეც ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას და რომელიც შემდეგი სამი წლის განმავლობაში იქნება ჩვენი მხარდამჭერი.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან ბევრი სტრუქტურული რეფორმაა ჩადებული თვითონ პროგრამაში, მათ შორის ეს არის საპენსიო რეფორმა, ეს არის კერძო და საჯარო პარტნიორობა, ეს არის გადახდის უუნარობის კანონმდებლობა, ეს არის მიწის რეფორმის გაგრძელება, ეს არის დეპოზიტების დაზღვევის რეფორმა და სხვა მრავალი რეფორმა კაპიტალის დაზღვევის რეფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ეკონომიკურ ზრდას და საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, კეთილდღეობას ჩვენი მოსახლეობის.

პროგრამაში ასევეა აღნიშნული, რომ იმ ძირითადი საგზაო ინფრასტრუქტურის და ზოგადად ინფრასტრუქტურის მშენებლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. ეს ინფრასტრუქტურა საბოლოო ჯამში განამტკიცებს ჩვენს პოზიციებს, როგორც ლოგისტიკური ჰაბის, როგორც ტრანზიტული ქვეყნის და ამავდროულად რეგიონებს დააკავშირებს ერთმანეთთან იმისათვის, რომ ისინი იყვნენ ჩართული ეკონომიკის განვითარებაში და ეკონომიკურ ზრდაში", – აღნიშნავს დიმიტრი ქუმსიშვილი.

შეგახსენებთ, რომ 15 თებერვლიდან 1 მარტამდე საქართველოს სტუმრობდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია, ქალბატონი მერსედეს ვერა მარტინის ხელმძღვანელობით. ვიზიტის მიზანი იყო სამწლიანი ეკონომიკური პროგრამის განხილვა, რომელსაც მხარს დაუჭერს საერთაშორისო სავალუტო ფონდი "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის" (EFF) ფარგლებში.

მისიის დონეზე მიღწეულია შეთანხმება საქართველოში სამწლიანი პროგრამის დაწყებაზე, რომელიც დაფინანსდება 285 მილიონი აშშ დოლარით "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით".

Comments
Loading...