“ჩვენ ბიზნესს არ ვერჩით, მაგრამ, არ უნდა გავაკეთოთ ბიზნესი ქალაქის იერსახის დაზიანების ხარჯზე”

53

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა, დედაქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა სავაჭრო არეალებში 30-მდე ქუჩა მოაწესრიგა.

როგორც კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განმარტა, ერთი კვირის განმავლობაში, ზედამხედველობის სამსახურმა, როგორც ელიავას ბაზრობის მიმდებარედ, ასევე, სხვა ტერიტორიებზე გარკვეული დარღვევები აღკვეთა.

"გასულ კვირას, ზედამხედველობის სამსახურის მუშაობის შედეგად, ელიავას ბაზრობის მიმდებარე ქუჩები მოწესრიგდა და სამშენებლო მასალებისა და საბურავებისგან გათავისუფლდა. ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა, როგორც იქ მცხოვრები ადამიანებისთვის, ასევე გადაადგილებისა და ვიზუალური თვალსაზრისითაც.

ეს აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ და სხვა რაიონებში, ბაზრობების მიმდებარე ტერიტორიები ანალოგიურად უნდა მოწესრიგდეს. ერთი კვირის განმავლობაში, დავალება როგორც კი მივეცი, ზედამხვედველობის სამსახურმა 30-მდე ქუჩა მოაწესრიგა და ისეთი დარღვევები აღკვეთა, როგორიც ელიავას ბაზრობის მიმდებარედ ფიქსირდებოდა", – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა იმ მოქალაქეებს მიმართა, რომლებიც დედაქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა ეკონომიკურ საქმიანობას ეწევიან.

"ჩვენ ბიზნესს არ ვერჩით, მაგრამ ეს ყველაფერი წესრიგში და კანონმდებლობის ფარგლებში უნდა მოდიოდეს. ძალიან გამიხარდება, თუ მოქალაქეების დაჯარიმება არ მოგვიწევს. მინდა მივმართო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ საქმიანობით არის დაკავებული, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავაკეთოთ ბიზნესი ქალაქის იერსახის დაზიანების ხარჯზე. ეს კატეგორიულად მიუღებელია და პრობლემას წარმოადგენს გარშემო მცხოვრებთათვის და მათთვის, ვინც ამ ტერიტორიებზე ფეხით გადაადგილდებიან. ყველას ინტერესი გათვალისწინებული და დაცული უნდა იქნეს. ყველა ტიპის კანონიერ ეკონომიკურ საქმიანობას მხარს ვუჭერთ, თუმცა ეს ყველაფერი სხვისი უფლებების შელახვის გარეშე უნდა მოხდეს", – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს კიდევ ერთხელ დაავალა, რომ მონიტორინგი განაგრძონ და ქუჩები, სადაც მსგავსი პრობლემებია, დროულად მოწესრიგონ.

Comments
Loading...