შოვის კურორტის ინვესტორის და მმართველი კომპანიის განცხადება

4

ვითხოვთ შეჩერდეს შოვის კურორტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი მიწების რეალიზაციის პროცესი, სანამ საბოლოოდ არ შეექმნა საფრთხე შოვის კურორტის ერთიანი კონცეფციით განვითარებას.

2021 წლის ადგილობრივი არჩევნების წინა პერიოდის კამპანია, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს, შეიცავს, ჩვენი აზრით, მნიშვნელოვან ინიციატივას, რაც უკავშირდება თითოეული რეგიონის პოტენციალის სწორად გამოყენებას და ადგილობრივი ტურიზმის განვითარების მაქსიმალურ ხელშეწყობას სახელმწიფოს მხრიდან. ეს ნამდვილად დროული, ღირებული და ძალზედ მნიშვნელოვანი ინიციატივა და სწორი მიდგომაა, რაც არა მხოლოდ ტურიზმის განვითარებას, არამედ რეგიონების ეკონომიკურ გაძლიერებას და შესაბამისად, ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების დონეზეც აისახება პოზიტიურად. თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია კონკრეტული პროექტების რეალიზაციაში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების რეალური მხარდაჭერის არსებობა და პრობლემების კოორდინირებული მართვა.

ჩვენ გვსურს ღიად ვისაუბროთ იმ ხელისშემშლელ გარემოებებზე, რაც წლების განმავლობაში აფერხებს პროექტის განვითარებას და დავაფიქსიროთ ყველა ის პრობლემა, რის გამოც პოპულარული და ცნობილი შოვის კურორტი ვერ ხდება თანამედროვე და მოთხოვნადი ტურისტული ადგილი როგორც ქართველების, ასევე უცხოელებისთვის. თუმცა არის საკითხები, რომლებიც დაუყოვნებლივ ჩარევას მოითხოვენ და ეს პირველ რიგში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის იმ ფართობების აუქციონზე გამოტანას ეხება, რომლებიც კურორტის ნაწილს წარმოადგენენ. თან საუბარია ისეთ მიწებზე, რომლებიც შოვის კურორტის განვითარების გენერალური გეგმის მიხედვით სარეკრიაციო ზონაში შედიან, რითაც საფრთხე ექმნება ერთიან განაშენიანებას. ამასთან, იკვეთება კონკრეტული ინტერესები კონკრეტული მიწის ფართობებთან დაკავშირებით, რაც ასევე ცუდი არ არის და ჩვენ ამას არ ვეწინააღმდეგებით, უბრალოდ არსებობს რიგი პრობლემები, რომელთა მოგვარებაც შესაძლოა აღნიშნული მიწების რეალიზაციამ შეუძლებელი გახადოს.

ამიტომ, მოვითხოვთ, რომ დაუყოვნებლივ შეჩერდეს შოვში მიწის ფართობების რეალიზაციის აუქციონები სახელმწიფოს მხრიდან, სანამ არ მოხდება კურორტის გენერალური გეგმის დეტალების შეთანხმება, ყველა მონაწილე მხარის ჩართულობით და სანამ არ გადაწყდება, თუ რა გზით უნდა განვითარდეს შოვის კურორტი.

 

დამატებითი ინფორმაცია შოვის კურორტის შესახებ

2006 წელს ყაზახურმა საინვესტიციო ჯგუფმა შეიძინა კურორტ შოვის ტერიტორიაზე მდებარე კომპლექსი პანსიონატი „მამისონი”, რომელიც კურორტის მნიშვნელოვანი ნაწილია. თუმცა 2008 წლის ომისა და 2009 წლის ფინანსური კრიზისის გამო, პროექტის განხორციელება შეფერხდა და საქმიანობა 2016 წელს განახლდა.  უკვე ამ დროიდან ინვესტორისა და მმართველი კომპანიის მიერ განხორციელდა უაღრესად მნიშვნელოვანი მოსამზადებელი საქმიანობა, რაც უკავშირდებოდა შოვის თანამედროვე ევროპულ სამთო კურორტად ფორმირებას. მილიონ ლარზე მეტი ინვესტიციის შედეგად მომზადდა შოვის კურორტის განვითარების ერთიანი გენერალური გეგმა ავსტრიული კომპანიის მიერ; სლოვაკი და გერმანელი სპეციალისტების მიერ მოხდა ადგილობრივი ბალნეოლოგიური რესურსების შესწავლა და საერთაშორისო სტანდარტებით შესაბამისი ანალიზი, შეიქმნა კურორტის გრძელვადიანი ბიზნესგეგმა საერთაშორისო ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია “ერნსტ ენდ იანგის” მონაწილეობით. შესაბამისად, არსებობს შოვის განვითარების გეგმა და ინვესტორის სურვილი, რომ დაიწყოს მშენებლობა და კურორტის აქტიური განვითარება მომზადებული გეგმების მიხედვით. ამ სურვილს კი ის ინვესტიცია მოწმობს, რაც დაიხარჯა კვლევებსა და განვითარების გეგმების მომზადებაზე. თუმცა, მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებებისა, წლებია პროექტი ფერხდება შემდეგი მიზეზების გამო:

  • შოვის კურორტის ინვესტორის მიერ მომზადებული კურორტის განვითარების გენგეგმა არ დამტკიცებულა ადგილობრივი ხელისუფლების, კერძოდ ონის საკრებულოს მიერ. პროცესი ჭიანურდება, რაც აფერხებს ინვესტიციების განხორციელებას და კურორტის განვითარებისკენ მიმართული ღონისძიებების და საქმიანობის დაწყებას.
  • პარალელურად ადგილზე მიმდინარეობს მიწის ნაკვეთების მასობრივი რეგისტრაცია, სადაც, ჩვენი ინფორმაციით, აღინიშნება კანონის დარღვევა, ეს კი ახალ პრობლემას წარმოშობს კურორტის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით განვითარების კუთხით. იქმნება შთაბეჭდილება, რომ გარკვეული ჯგუფები ცდილობენ გამოიყენონ შექმნილი ვითარება და ‘ხელი მოითბონ’ შოვის კურორტის განვითარებაზე.

აღნიშნული პრობლემებიდან გამომდინარე, ჩვენ უკვე წლებია პრემიერ-მინისტრების და ეკონომიკის მინისტრების სახელზე ვაგზავნით წერილებს, სადაც ვითხოვთ, შეიქმნას უწყებათაშორისო საკოორდინაციო ჯგუფი, სადაც შესაბამისი სამინისტროების თანამშრომლებთან ერთად, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც გაერთიანდებიან, რათა მოხდეს შოვის კურორტის, როგორც ცალკე მდგომი და მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტის უფრო ეფექტიანად მართვა. ჩვენ გვჯერა, რომ მსგავსი მიდგომა თავიდან აგვაცილებს პროცესების გაჭიანურებას და კურორტის განვითარების საქმე აღარ შეფერხდება. ეს კი ნიშნავს, რომ ინვესტორი გააქტიურდება, დაიწყება მშენებლობა, რაც უკავშირდება ადგილობრივების დასაქმებას და შოვის კურორტი გაცილებით მეტ და მაღალშემოსავლიან ტურისტს მიიღებს ვიდრე დღეს, რაც ასევე გააძლიერებს ეკონომიკურად როგორც შოვს, ასევე რაჭას და მთლიანად საქართველოს.

Comments
Loading...