შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე 2021 –  მსოფლიომ უნდა გააგრძელოს ბრძოლა

22

2021 წელს, შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღის (World AIDS Day 2021) აღსანიშნავად, შიდსით დაღუპულთა ხსოვნისა და იმ ადამიანთა პატივსაცემად, ვინც დღესაც  აგრძელებს ბრძოლას აივ ინფექცია/შიდსთან, შიდსის ჯანდაცვის ფონდი (AHF) კვლავ  მართავს ღონისძიებების სერიას  დევიზით  „შიდსი: ესეც პანდემიაა“. აღნიშნული კამპანია მიზნად ისახავს შეახსენოს მოქალაქეებს, რომ COVID-19 პანდემით გამოწვეული კრიზისის ფონზეც კი, მსოფლიომ უნდა დაიცვას ის შედეგები, რაც მიღწეულია  აივ/შიდსის  პანდემიასთან ბრძოლაში, რომელიც 30 წელზე მეტია მძვინვარებს.

გლობალური ფონდის ბოლო ანგარიშის თანახმად, გასულ წელს, პანდემიამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა აფრიკისა და აზიის დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნების ჯანდაცვის სისტემასა და სერვისების მიწოდებაზე. შედეგად, აღნიშნული ქვეყნების თითქმის 75%-ში აივ/შიდსის მიმართულებით სერვისის მიწოდება შეფერხდა. გარდა ამისა, 2020 წლის აპრილიდან სექტემბრამდე, აივ ტესტირება 41%-ით შემცირდა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. მრავალი გამოწვევის მიუხედავად, COVID-19 პანდემია არ უნდა იქნას გამოყენებული შიდსთან გლობალური ბრძოლის ღონისძიებების მუდმივად შემცირების მიზეზად. პირიქით, პანდემიის გამო, შიდსთან ბრძოლის გააქტიურება, ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე.

„ის დესტრუქცია, რაც მსოფლიოს კოვიდ 19-მა მოუტანა, გასაგები მიზეზების გამო, ბოლო თითქმის ორი წელია გრძელდება და სწორედ ამიტომ, შიდსის მსოფლიო დღე ასეთი გადამწყვეტია „სხვა პანდემიის“ შესახსენებლად“, – აღნიშნა ტერი ფორდმა, AHF-ის გლობალური ადვოკატირებისა და პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა. „ყოველწლიურად, აივ/შიდსის შედეგად, მსოფლიოში დაახლოებით 700 000 ადამიანი იღუპება. გარდა იმისა, რომ მსოფლიო ლიდერებმა უნდა გააგრძელონ ბრძოლა COVID-19-ის წინააღმდეგ, მათ შორის ვაქცინების გლობალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიმართულებით, მათ ასევე უნდა შეასრულონ შიდსთან დაკავშირებული დაპირება, აივ ტესტირების და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის   უზრუნველყოფით მათთვის, ვისაც ეს სჭირდება“.

მსოფლიო მასშტაბით, დაახლოებით 45 ქვეყანაში,  შიდსის ჯანდაცვის ფონდი მრავალ  საინტერესო, მრავალფეროვან ვირტუალურ და რეალურ აქტივობებს გამართავს. ღონისძიებები მიზნად ისახავს, რომ მსოფლიომ კიდევ ერთხელ მოახდინოს ფოკუსირება შიდსის პანდემიაზე და იმ ადამიანებზე, რომლებიც აივ/შიდსით არიან დაავადებული და  ასევე, შეახსენოს ყველას აივ-ზე ტესტირების, პრევენციისა და მკურნალობის მნიშვნელობა. ადვოკატირების ყველა მსურველს, მოგიწოდებთ შემოგვიერთდეთ, რადგან მსოფლიო აგრძელებს ბრძოლას, რათა აღმოფხვრას ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი ინფექციური დაავადება, რომელმაც  „სხვა პანდემიის“ დაწყებიდან  დღემდე, მსოფლიო მასშტაბით, 36 მილიონზე მეტ ადამიანი შეიწირა.

გასული წლების მსგავსად, შიდთან ბრძოლის დღისადმი მიძღვნილ გლობალურ კამპანიას საქართველოც უერთდება. ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, AHF საქართველოს წარმომადგენლობა აქტივობებს ძირითადად ვირტუალურ სივრცეში, სოციალურ ქსელში განახორციელებს. მომზადდება საინფორმაციო სტატიები აივ/შიდსთან ბრძოლის, პრევენციისა და მკურნალობის შესახებ, სარეკლამო ბანერები განთავსდება როგორც ონლაინ, პოპულარულ ინტერნეტგვერდებზე, ასევე მეტროსადგურში. მომზადდება ვიდეორგოლი შიდსთან ბრძოლის დღის აღნიშვნის მნიშვნელობასთან დაკავშირებით და საინფორმაციო პოსტებთან ერთად, განთავსდება AHF საქართველოს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.

UNAIDS-ის უახლესი სტატისტიკური მონაცემების თანახმად, მსოფლიოში აივ/შიდსით დაავადებული 38 მლნ ადამიანი ცხოვრობს. მხოლოდ 2020 წელს, აივ-ით დაინფიცირების  1,5 მლნ ახლი შემთხვევა გამოვლინდა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს მილიონობით ადამიანი სარგებლობს სიცოცხლის შენარჩუნებისთვის აუცილებელი ანტირეტროვირუსული მკურნალობით,  ასევე მილიონობით ადამიანისთვის მსოფლიოში, ეს ჯერ კიდევ მიუწვდომელია.

„ევროპა, ისევე როგორც მსოფლიოს უმეტესი ნაწილი, აგრძელებს ბრძოლას ერთდროულად ორ პანდემიასთან. მიუხედავად იმისა, რომ ერთი მათგანი მუდმივად ყურადღების ცენტრში და სათაურებშია, „შიდსი: სხვა პანდემია“ კვლავ რჩება მომაკვდინებელ გამოწვევად, განსაკუთრებით ჩვენი ყველაზე დაუცველი მოსახლეობისთვის, რომლებიც მსოფლიომ არასოდეს არ უნდა დაივიწყოს“, – აღნიშნა ზოია შაბაროვამ, AHF-ის ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა.  „მიუხედავად იმისა, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია,  ევროპელმა და მსოფლიოს სხვა ლიდერებმა გააგრძელონ ბრძოლა ახალი კოროვირუსის წინააღმდეგ,  მათ პარალელურად, გარანტირებულად უნდა უზრუნველყონ რესურსების მობილიზება, რათა  დაიცვან ის მიღწევები აივ/შიდსთან  ბრძოლის მიმართულებით, რაც მსოფლიოს  ბოლო სამი ათეული წლის განმავლობაში აქვს.  ჩვენ მივაღწიეთ დიდ პროგრესს, საიდანაც შეიძლებოდა გვესწავლა COVID-19-ზე რეაგირებაც, თუმცა  სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია“.

გაეცანით AHF-ის მიერ შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების სრულ ჩამონათვალს ვენგვერდზე AHFwad.org.

შიდსის ჯანდაცვის ფონდი (AHF)  წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც აშშ-ში აივ/შიდსის მკურნალობის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელია. ფონდის სათაო ოფისი მდებარეობს აშშ-ში, კერძოდ, ლოს ანჯელესში. ორგანიზაციის წარმომადგენლობები  განთავსებულია მსოფლიო მასშტაბით, მათ შორის, ევროპის და აზიის ქვეყნებში.  ფონდის ბენეფიციარია 43 ქვეყნის 1 მლნ-ზე მეტი ადამიანი.

AHF  ახორციელებს პროგრამებს აშშ-სა და მის საზღვრებს გარეთ. ფონდი ხელს უწყობს აივ/შიდსის ჯანდაცვის მომსახურების გაფართოებას მეტი სიცოცხლის გადასარჩენად.

Comments
Loading...