შვეიცარიის ბანკმა რუსეთის კუთვნილი 5 მილიარდი დოლარი გაყინა

70

შვეიცარიის ბანკმა Credit Suisse-მა, აშშ-ის სანქციებისგან თავის არიდების მიზნით, რუსეთთან დაკავშირებული, დაახლოებით 5 მილიარდი დოლარის აქტივები გაყინა, – იუწყება სააგენტო Reuters. ანგარიშების მფლობელთა ვინაობა არ სახელდება.

ბანკის ოფიციალური პირის განმარტებით, ისინი "თანამშრომლობენ საერთაშორისო რეგულატორებთან, რათა განახორციელონ სამუშაოები, რომლებიც უზრუნველყოფენ სანქციების დაცვას, რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების ჩათვლით".

შვეიცარიის ბანკებმა, UBS-მა და Julius Baer-მა აგრეთვე განაცხადეს საერთაშორისო სანქციებისადმი მიმდევრობის შესახებ, მაგრამ კონკრეტული ნაბიჯების შესახებ საუბარზე უარი თქვეს. ივნისში უკვე იყო გაცხადებული, რომ ამ სამმა ბანკმა გაყინა რუსი ბიზნესმენის, ვიქტორ ვაქსელბერგის აქტივები ერთი მილიარდი დოლარის ოდენობით.

აღსანიშნავია, რომ 2009 წელს Credit Suisse-ს, სანქციების დარღვევის გამო, სერიოზული ჯარიმის გადახდა მოუხდა. მაშინ ამერიკის ხელისუფლებამ ირანის წინააღმდეგ მიმართული სანქციების დარღვევის გამო, ბანკი 500 მილონი დოლარით დააჯარიმა, ხოლო 2014 წელს ფრანგული ბანკი BNP Paribas დაითანხმა სარეკორდო თანხის, 8,9 მილიარდი დოლარის გადახდაზე სუდანის, კუბის და ირანის წინააღმდეგ აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების დარღვევის გამო.

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ

Comments
Loading...