შვეიცარიაში საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში ნიქაბისა და ფარანჯის ტარება აიკრძალა

12

საკანონმდებლო ინიციატივამ, რომელიც კრძალავს საზოგადოებრივ ადგილებში სახის დაფარვას, შვეიცარიაში ჩატარებულ რეფერენდუმზე მოქალაქეთა მხარდაჭერა მოიპოვა. მას მხარი დაუჭირა მოსახლეობის უმრავლესობამ – ქვეყნის 26 კანტონიდან 20-მა. ამის შესახებ შვეიცარიის მთავრობამ განაცხადა.

საერთო ჯამში, ამ ღონისძიებას მხარი დაუჭირა რეფერენდუმის მონაწილეთა 51,21%-მა, წინააღმდეგია 48,79%. სახის დაფარვის აკრძალვა შეეხება როგორც შვეიცარიის მოქალაქეებს, ასევე უცხოელებს საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ადმინისტრაციულ შენობებში, რესტორნებში, მაღაზიებში, სტადიონებსა და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომ სხვა ადგილებში. გამონაკლისები მოცემულია ღვთისმსახურების ადგილებისათვის, აგრეთვე იმ შემთხვევებისთვის, როდესაც ადამიანი სამედიცინო დახმარების, უსაფრთხოების და კლიმატური პირობების გამო იფარება.

კერძოდ, აკრძალვა შეეხო ფარანჯისა და ნიქაბის ტარებას. რეფერენდუმის ინიციატორმა საზოგადოებრივმა კომიტეტმა განაცხადა, რომ საზოგადოებაში “სახის დამალვა ეწინააღმდეგება ერთად ცხოვრების ლიბერალურ სულისკვეთებას”. მისი აზრით, ახალი კანონი საშუალებას მისცემს შვეიცარიის სამართალდამცავ ორგანოებს “უფრო გადამწყვეტად იბრძოლონ ნიღბიან დამნაშავეებთან”, მათ შორის დემონსტრაციებისა და სპორტული ღონისძიებების დროს. კენჭისყრის შედეგების შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში კომიტეტმა განიხილა მოქალაქეთა მხარდაჭერა, როგორც მკაფიო სიგნალი რელიგიური თავისუფლების სასარგებლოდ.

ამასთან, შვეიცარიაში ყველა არ იზიარებს ამ აზრს. შვეიცარიის ცენტრალურმა ისლამურმა საბჭომ განაცხადა, რომ რეფერენდუმის შედეგებმა “ღრმა იმედგაცრუება გამოიწვია შვეიცარიაში დაბადებულ და გაზრდილ მუსლიმებში”. იგი მიიჩნევს, რომ მთავრობამ უნდა მიიღოს ზომები, რათა დაიცვას მუსლიმები დისკრიმინაციისგან. ასევე, უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Amnesty International გამოხატა ნეგატიური დამოკიდებულება სახის დაფარვის აკრძალვის მიმართ. მან შვეიცარიის მთავრობასა და პარლამენტარებს მოუწოდა, რომ “უპირობოდ დაუჭირონ მხარი ქვეყნის რელიგიური უმცირესობების ფუნდამენტურ უფლებებს და გადადგან ნაბიჯები მშვიდობიანი თანაცხოვრებისკენ”.

Comments
Loading...