შეხვედრა ლიეტუვის დელეგაციასთან

2

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორი მერი მაღლაფერიძე საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩის მოადგილეს საულიუს ვალაინისს და ლიეტუვის დელეგაციას შეხვდა.

ლიეტუვის დელეგაციის სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. ღონისძიების მიზანია ამ სფეროში ქვეყნის გამოცდილების გაზიარება, ზრუნვის სააგენტოს საქმიანობის, სახელმწიფო სერვისების, სააგენტოს საჭიროებების და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებების განხილვა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ლაშა ჯინჯიხაძე, ლიეტუვის რესპუბლიკის ეთნიკური უმცირესობების დეპარტამენტის დირექტორს ვიდა მონტვიდაიტეს, ნ. გენიტეს პანსიონატის დირექტორი ვიტაუტას ვიგელის და პანსიონატის სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლები.

შეხვედრის ფარგლებში მერი მაღლაფერიძემ სტუმრებს ზრუნვის სააგენტოს ძირითადი საქმიანობა გააცნო, ვრცლად მიაწოდა ინფორმაცია განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმების შესახებ. ასევე, დეტალურად ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომლებსაც ზრუნვის სააგენტო საქმიანობისას აწყდება. ძირითადი აქცენტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის განკუთვნილ სერვისებზე გაკეთდა.

თავის მხრივ, ლიეტუვის დელეგაციამ პრეზენტაციისას ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღმავებასა და მიმდინარე აქტივობების გაზიარებას გაუსვა ხაზი, ყურადღება გაამახვილეს საკუთარი ქვეყნის გამოცდილებასა და მიმდინარე პროცესებზე. სტუმრები დაინტერესდნენ საქართველოში მიმდინარე დეინსტიტუციონალიზაციის რეფორმით, მოქალაქეთა მხრიდან სოციალური მომსახურების ხელმისაწვდომობით, მოხუცთა თავშესაფრების სპეციფიკით და ფუნქციონირებით, ძალადობის მსხვერპლთა სერვისებით, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს გამოცდილებით, ეფექტიანი პოლიტიკის შექმნასა და განხორციელებაზე სხვადასხვა მიმართულებებში. მხარეები მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ლიეტუვის დელეგაციის სტუმრობა სააგენტოს დაქვემდებარებაში მყოფ დაწესებულებებში და სახელმწიფო სერვისების ადგილზე გაცნობა.

Comments
Loading...