ყუბანეიშვილი: რას აკეთებს სახელმწიფო?! ისეთი ბაჟი დააწესეთ, რომ უხარისხო ირანული არმატურა ვერ შემოვიდეს!

56

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური ინფორმაციით, ირანიდან არმატურის იმპორტი წინა თვესთან შედარებით გაორმაგდა. როგორც ირკვევა, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ირანული პროდუქციისთვის უპირობოდ აქვს ღია კარი, მაშინ როცა მეზობელმა ქვეყნებმა დემპინგურ ფასად შემოსულ პროდუქციას ჩაუკეტეს საზღვრები და გადასახადები დაუწესეს. შემოტანილი პროდუქციის დემპინგური ფასი, როგორც ირკვევა, პირდაპირ კავშირშია მის უხარისხობასთან.

ნაგებობების, დაპროექტებისა და ტესტირების ცენტრის ხელმძღვანელი არჩილ ყუბანეიშვილი "აიპრესთან" განმარტავს, რომ საქართველომ აუცილებლად უნდა აამოქმედოს ანტიდეპინგური კანონი ადგილობრივი ბაზრის დასაცავად, ვინაიდან დემპინგური ფასით ბაზარზე ოპერირება კლავს ადგილობრივ მწარმოებელს და ხელს უწყობს უხარისხო მშენებლობას. როგორც არჩილ ყუბანეიშვილი აცხადებს, აუცილებელია დაწესდეს კონტროლი ირანიდან იმპორტირებულ არმატურაზე:

– ირანის არმატურა რომელიც საქართველოში შემოდის, ძალიან არაერთგვაროვანია. ზოგი მათგანი ძალიან ცუდი ხარისხის არის, ზოგი კი ნორმალურია. ძირითადად, ტექნოლოგიებს ვერ იცავენ.

რატომ ყიდულობენ საქართველოში ირანულ არმატურას? იმიტომ რომ იაფია. თუ ვიყიდით იაფასიან არმატურას, უნდა შევამოწმოთ აკმაყოფილებს თუ არა ის მოთხოვნილ სტანდარტს. წინააღმდეგ შემთხვევაში მისი გამოყენება მშენებლობაში საფრთხის შემცველია.

როდესაც ხდება პროდუქტის შემოტანა, ორი აუცილებელი პირობა უნდა შესრულდეს ერთი, გეომეტრიული მახასიათებლების ნორმები უნდა იყოს დაცული, მეორე სიმტკიცე, ფიზიკო-მექანიკური ნორმები. სიმტკიცისთვის მიღებულია A500 კლასის არმატურა. ირანის არმატურამ თუ არ დააკმაყოფილა მოთხოვნილი სტანდარტი, უნდა დაიბრაკოს. არ მესმის მთავრობის, რატომ უშვებენ ირანიდან დემპინგურ ფასად იმპორტირებულ უხარისხო არმატურას?!

– კლავს თუ არა ადგილობრივ მწარმოებელს ირანიდან დემპინგურ ფასად შემოსული პროდუქცია, რომელიც, როგორც ირკვევა, უხარისხობის ხარჯზეა იაფი?

– რა თქმა უნდა, ირანიდან დემპინგურ ფასად შემოსული არმატურა კლავს ადგილობრივ ბაზარს! ეს არის ცუდი, რატომ უშვებს მთავრობა ირანულ პროდუქციას?! აზერბაიჯანმა ჭკუა იხმარა, დააწესა ზედმეტი გადასახადი ბაჟი, იქ უკვე აღარ შედის, საქართველოში – შემოდის.

სახელმწიფომ უნდა დააწესოს ისეთი ბაჟი, რომ ვეღარ შემოვიდეს ირანული პროდუქცია, თუ კონტროლი გვექნება და გვეცოდინება, რომ ნაკლები სიმტიკიცისაა, ეს ხელს შეუწყობს უსაფრთხო მშენებლობას. ესენი არ ფიქრობენ ამას, არ ხდება არმატურის გამოცდა, შემოწმება!

– თუ სახელმწიფომ ანტიდემპინგური კანონი აამოქმედა, რა შედეგეს მივიღებთ?

– თუ ამოქმედდა ანტიდემპინგური კანონი, საბაჟოზე დაწესებული იქნება გადასახადი, შესაბამისად მარტივად ვეღარ შემოიტანენ დაბალ ფასიან პროდუქციას, საქართველოში კი არ არსებობს არანაირი მექანიზმი იმპორტირებულ პროდუქციაზე და ადგილობრივი წარმოება კვდება.

– რა ზომები უნდა მიიღოს სახელმწიფომ?

– პირველ რიგში აუცილებელია საბაჟოზევე ამოქმედდეს შესაბამისი მექანიზმი, რომელიც შეამოწმებს იმპორტირებული პროდუქციის ხარისხს, ეს დაიცავს ადგილობრივ ბაზარს უხარისხო პროდუქციისგან.

გარდა ამისა, როდესაც ადგილობრივი წარმოება გვაქვს მაღალი ხარისხის და საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი, სახელმწიფომ უნდა დაიცვას ის უხარისხო და დემპინგური იმპორტისგან.

მეორე, რაც ასევე მნიშვნელოვანია აუცილებელია ხდებოდეს სამშენებლო ობიექტის შემოწმება, დამკვეთი ფულს ჯიბეში კი არ უნდა იდებდეს, უნდა ამოწმებდეს, ლაბორატორიული შემოწმების დასკვნის გარეშე პროდუქცია არ უნდა გამოიყენონ. წესი ეგრეა, მაგრამ არავინ უყურებს მაგას.

გავმეორდები! ადგილობრივი წარმოების, რუსთავის ფოლადის არმატურა ყოველთვის აკმაყოფილებს მოთხოვნილ სტანდარტს და არის მაღალ ხარისხიანია, რასაც ვერ ვიტყვით ირანიდან დემპინგურ ფასად შემოსულ არმატურაზე. ჩვენი ბევრად ჯობს. მთავრობამ უნდა დაიცვას არმატურის ადგილობრივი წარმოება, პირველი რომ ის აწარმოებს მაღალი ხარისხის არმატურას, რომელიც უსაფრთხოა მშენებლობისთვის და მეორე, ქმნის ქვეყანაში მეტ სამუშაო ადგილს.

Comments
Loading...