“ყაზტრანსგაზისთვის” და “გაზის ტრანსპორტირების კომპანიისთვის” ტარიფების დადგენის მიზნით სემეკში ადმინისტრაციული წარმოებები დაიწყო

421

შპს „ყაზტრანსგაზ თბილისისა“ და შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისათვის“ ტარიფების დადგენის მიზნით სემეკში ადმინისტრაციული წარმოებები დაიწყო.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 9 მარტის საჯარო სხდომაზე შპს „ყაზტრანსგაზ თბილისისათვის“ ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფების დადგენის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ იმსჯელა. კომისიაში წინადადებების წარდგენის ბოლო ვადად განისაზღვრა მიმდინარე წლის 6 აპრილი, ხოლო კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების ბოლო ვადად –  მიმდინარე წლის 24 ივლისი.  

ამავე სხდომაზე დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისთვის“ ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ტარიფების დადგენის თაობაზე. კომისიაში წინადადებების წარდგენის ბოლო ვადად დასახელდა მიმდინარე წლის 6 აპრილი, ხოლო კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების ბოლო ვადად – მიმდინარე წლის 28 ივლისი.  

მიმდინარე წლის 6 აპრილის 18:00 საათამდე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა კომისიაში წარადგინოს მოსაზრებები შპს „ყაზტრანსგაზ თბილისისა“ და შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისთვის“ ტარიფების დადგენასთან დაკავშირებით. დაინტერესებული პირი უფლებამოსილია მოსაზრებების წარდგენისას არ მიუთითოს თავისი ვინაობა.

Comments
Loading...