ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტის 2017 წლის 7 თვის მონაცემები

369

2017 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან მსოფლიოს 44 ქვეყანაში ექსპორტირებულია 38,3 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 60%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს.   საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 84,3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 52%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

"შვიდი თვის მდგომარეობით, ღვინის ექსპორტმა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 60%-ით მოიმატა, 52%-ითაა გაზრდილი ღვინის რეალიზაციით მიღებული შემოსავლებიც, რაც საკმაოდ კარგი შედეგია. ქართული ღვინის გაყიდვები გაიზარდა ევროკავშირის ქვეყნებში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის, აშშ-ს და სხვა  ბაზრების მიმართულებით, რაც  ღვინის ეროვნული სააგენტოსა და მეღვინეობის დარგის შეთანხმებული საქმიანობისა და ერთობლივად დაგეგმილი, სწორი მარკეტინგული ღონისძიებების შედეგია", – აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა.

ექსპორტის მატება აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: ჩინეთი – 80% (4 462 631), რუსეთი – 86% (23 740 750), უკრაინა – 41%(3 653 334), პოლონეთი – 20% (1 427 458), ლატვია – 27% (830 852), ბელარუსი – 42% (814 022), აშშ – 89% (236 012), გერმანია – 34% (234 000), ისრაელი – 202% (127 334), საფრანგეთი – 450% (95 530),  აზერბაიჯანი – 170% (102 342) და სხვა.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი, ჩინეთი, უკრაინა, პოლონეთი და ყაზახეთი.  

ადგილწარმოშობის დასახელების მიხედვით ლიდერობს "ქინძმარაული" – 6 593 437 ბოთლი, შემდეგ მოდის: "მუკუზანი" – 2 028 493, "წინანდალი" – 1 468 126, "ახაშენი" – 751 261, "ხვანჭკარა" – 389 360, "ტვიში" – 157 064, "ნაფარეული" – 111 612 და ა.შ.

ამასთან, მსოფლიოს 17 ქვეყანაში ექსპორტირებულია 8 212 243 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 91%-ით აღემატება 2016 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია  18,7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი – მატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით  89%-ს აღწევს.

საანგარიშო პერიოდში მსოფლიოს 17 ქვეყანაში ექსპორტირებულია 102 402 ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 106% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავლები  283 ათას აშშ დოლარს შეადგენს, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან  შედარებით 49%-ს მიაღწია.

მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავლები საანგარიშო პერიოდში 143,15 მლნ აშშ დოლარს შეადგენს – ზრდამ 2016 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 55% შეადგინა.

Comments
Loading...