ქუმსიშვილმა საერთაშორისო ინვესტორების ჯგუფს საქართველოს ეკონომიკური რეფორმები გააცნო

385
პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი "თიბისი ბანკის" უმსხვილესი საერთაშორისო ინვესტორი კომპანიების წარმომადგენლებს საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობასა და მიმდინარე რეფორმებზე ესაუბრა.
 
შეხვედრაზე, რომელზეც ფინანსთა სამინისტროში გაიმართა, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის მიმდინარეობასა და მის ფარგლებში განსახორციელებელ რეფორმებზე. მისი თქმით, მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმა მიმართულია ბიზნესის, როგორც ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებლის, განვითარებაზე, ადამიანური რესურსების პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებაზე ქვეყნის წინსვლის პროცესში და ინფრასტრუქტურის სწრაფ განვითარებაზე.
 
პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ეკონომიკური ზრდის დაჩქარების და კერძო ინვესტიციების წახალისებისათვის საქართველომ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება განახორციელა მოგების გადასახადის რეფორმის სახით, რაც კერძო სექტორს აძლევს საშუალებას მათი მიღებული მოგება, გადასახადების ნაცვლად მიმართონ ახალი ინვესტიციების განსახორციელებლად და დამატებითი სამუშაო ადგილების შესაქმნელად. დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა ეკონომიკური ზრდის მხარდამჭერ სხვა რეფორმებზე, მათ შორის, საპენსიო სისტემისა და კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე, დეპოზიტების დაზღვევის მექანიზმის ამოქმედებაზე, კერძო-საჯარო თანამშრომლობის ჩარჩო დოკუმენტის შექმნაზე, სახელმწიფო ინვესტიციებისა და ფინანსების მართვის რეფორმებზე და სხვ. მისი შეფასებით, ყველა ამ სტრუქტურული რეფორმის განხორციელების შემდეგ ქვეყნის ფინანსური სტაბილურობა გაიზრდება, რაც გაზრდის საქართველოს, როგორც ბიზნესისადმი მეგობრული გარემოს მქონე ქვეყნის მიმზიდველობას.
 
პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე ისაუბრა საქართველოს ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, რომლებიც 2017 წლის შემდეგ მნიშვნელოვანი ზრდადი დინამიკით გამოირჩევა. მისი თქმით, მიმდინარე წელს ქვეყნის ეკონომიკამ კარგი სტარტი აიღო, რაც იანვარ-თებერვალში მთლიანი შიდა პროდუქტის მაღალ 4,8%-იან მაჩვენებელშია გამოსახული. მისი თქმით, ფისკალური პოლიტიკა და სტრუქტურული რეფორმები, რაც მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში ხორციელდება, ეფექტიანია და ეკონომიკურ ზრდაზეა ორიენტირებული, რაც თავის მხრივ უნდა აისახოს დასაქმების ზრდაში და ინვესტიციების მაღალ მაჩვენებელში.
 
შეხვედრაზე საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან გამოითქვა დაინტერესება საქართველოს ეკონომიკის ცალკეული სექტორების მიმართ, მათ შორის, საფინანსო, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ლოგისტიკისა და სხვა კუთხით.  მათ ასევე პოზიტიურად შეაფასეს საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები და აღნიშნეს, რომ საქართველოს საქმიანი გარემო დამატებითი ინვესტიციების განხორციელებისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის. 
Comments
Loading...