ქუმსიშვილი: 2018 წელს ინფლაცია საშუალოვადიან პერიოდში გაწერილ მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდება

440

"2018 წელს ინფლაცია დაუბრუნდება იმ მიზნობრივ მაჩვენებელს, რომელიც არის გათვალისწინებული საშუალოვადიან პერიოდში", – აღნიშნულის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძესთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელ მერსედეს ვერა მარტინთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

"ინფლაციის ნაწილში ჩვენ გვექნება ერთჯერად ზრდა, გამომდინარე აქციზის ზრდიდან. რა თქმა უნდა, არის ნარჩენი, რომელიც სავალუტო კურსის, ასევე მსოფლიო ფასების ზრდის გავლენის შედეგად იქნება რაღაც პერიოდის განმავლობაში.

2018 წელს ინფლაცია დაუბრუნდება იმ მიზნობრივ მაჩვენებელს, რომელიც არის გათვალისწინებული საშუალოვადიან პერიოდში, აქედან გამომდინარე, ესეც მკაცრად არის გათვალისწინებული და გაწერილი საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ურთიერთობაში", – აღნიშნავს დიმიტრი ქუმსიშვილი.

შეგახსენებთ, რომ 15 თებერვლიდან 1 მარტამდე საქართველოს სტუმრობდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია, ქალბატონი მერსედეს ვერა მარტინის ხელმძღვანელობით. ვიზიტის მიზანი იყო სამწლიანი ეკონომიკური პროგრამის განხილვა, რომელსაც მხარს დაუჭერს საერთაშორისო სავალუტო ფონდი "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის" (EFF) ფარგლებში.

მისიის დონეზე მიღწეულია შეთანხმება საქართველოში სამწლიანი პროგრამის დაწყებაზე, რომელიც დაფინანსდება 285 მილიონი აშშ დოლარით "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით".

Comments
Loading...