ქუმსიშვილი: 2017 წლის ბიუჯეტი თვისობრივად ტრანსფორმირებულ ფისკალურ პოლიტიკას წარმოადგენს

470

"2017 წლის ბიუჯეტი, ისევე როგორც მთავრობის საშუალოვადიანი საბიუჯეტო გეგმები თვისობრივად ტრანსფორმირებულ ფისკალურ პოლიტიკას წარმოადგენს და ითვალისწინებს ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას, ეკონომიკური ზრდისთვის მეგობრული საგადასახადო სისტემის შექმნას, საბიუჯეტო პროგრამების უფრო მეტ ეფექტიანობას, ინვესტიციების ზრდას ინფრასტრუქტურულ პროექტებში", – აღნიშნულის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძესთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელ მერსედეს ვერა მარტინთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

"მოლაპარაკებების პროცესში, ჩვენ შევთანხმდით მთავრობის ოთხპუნქტიან გეგმასა და 2017 წელს განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმების მნიშვნელობაზე, მათ შორის, მოგების გადასახადისა და შემოსავლების მობილიზების კუთხით გატარებულ რეფორმებზე, ხარჯების შესამცირებლად მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, რომელთა მთავარი მიზანიც, რა თქმა უნდა, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დაჩქარება, ბიზნესის მხარდაჭერა და მოსახლეობის ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფაა,", – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისი განცხადებით, 2017-2020 წლებში დასრულდება ქვეყნის საგზაო ინფრასტრუქტურის ხერხემალი, რომელიც  ქვეყანას საშუალებას მისცემს სრულად იქნეს გამოყენებული  ლოგისტიკური და ტურისტული პოტენციალი.

"ინფრასტრუქტურის განვითარების უმნიშვნელოვანესი შედეგი იქნება რეგიონებს შორის კავშირის გაუმჯობესება, რაც გაზრდის მათ ჩართულობას ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. ბიუჯეტით გათვალისწინებული კაპიტალური ხარჯები 2017-2020 წლისათვის მშპ-ს 5.6%-დან 9%-მდე გაიზრდება. ამავდროულად, შემცირდება ადმინისტრაციული ხარჯები 26.5%-დან  – 21.7%-მდე", – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, პროგრამის ფარგლებში მთავრობა გეგმავს ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის ისეთი უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული რეფორმების გატარებას, როგორიცაა საპენსიო რეფორმა, კაპიტალის ბაზრის რეფორმა, დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შექმნა, სადაზღვევო სისტემის რეფორმა, კერძო და საჯარო თანამშრომლობის სისტემის შექმნა, გადახდისუუნარობის საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა, მიწის რეფორმა, საჯარო ფინანსების მართვის დახვეწის ღონისძიებები და სხვა.

შეგახსენებთ, რომ 15 თებერვლიდან 1 მარტამდე საქართველოს სტუმრობდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია, ქალბატონი მერსედეს ვერა მარტინის ხელმძღვანელობით. ვიზიტის მიზანი იყო სამწლიანი ეკონომიკური პროგრამის განხილვა, რომელსაც მხარს დაუჭერს საერთაშორისო სავალუტო ფონდი "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის" (EFF) ფარგლებში.

მისიის დონეზე მიღწეულია შეთანხმება საქართველოში სამწლიანი პროგრამის დაწყებაზე, რომელიც დაფინანსდება 285 მილიონი აშშ დოლარით "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით".

Comments
Loading...