ქუმსიშვილი: მოგების გადასახადის დეკლარაცია ახალი წესით 50 000-მდე ბიზნესმა წარადგინა

371

პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია შემოსავლების სამსახურის როლი ქვეყნის 4-პუნქტიანი გეგმის განხორციელებაში. მისი თქმით, ორი ძირითადი: ეკონომიკური რეფორმებისა და ღია მმართველობის მიმართულებით, შემოსავლების სამსახურის ჩართულობა უმნიშვნელოვანესია.

"მოგების გადასახადის წარმატებული რეფორმა დამოკიდებულია მის იმპლემენტაციაზე. მინდა სიამაყით აღვნიშნო, რომ შემოსავლების სამსახურმა ძალიან ბევრი შეხვედრა გამართა და საბოლოო ჯამში, მოგების გადასახადის დეკლარაცია ახალი წესით 50 000-მდე ბიზნესმა წარადგინა. პრაქტიკულად, რეფორმა ადმინისტრირების ნაწილში წარმატებულია. რა თქმა უნდა, ჩვენ კანონმდებლობაში შევიტანთ გარკვეულ ცვლილებებს იმისათვის, რომ ბიზნესს უკეთესად მოვერგოთ. თუმცა, დღეს, ჩვენ პრაქტიკულად სრულად ვართ დამრწმუნებული იმაში, რომ რეფორმა სწორედაა გაგებული ბიზნესის მხრიდან", – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისი განცხადებით, მოგების გადასახადის რეფორმა 4 წლის განმავლობაში 2 მილიარდ ლარზე მეტ თავისუფალ ფულად რესურსს გაუჩენს ბიზნესს გაფართოებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის, მეტი ინვესტიციების განხორციელებისთვის.

"ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება შემოსავლების სამსახურის წვლილი 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმის მმართველობით ნაწილში, ბიზნეს სახლის მიმართულებით",- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა მთაწმინდის პარკში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებაზე საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის პრეზენტაციისას.

Comments
Loading...