ქუმსიშვილი: ევროპის საინვესტიციო ბანკთან ახალ 250 მილიონიან ხელშეკრულებას მოეწერება ხელი

374

"საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის სივრცითი განვითარების კომპონენტის მხარდასაჭერად, ევროპის საინვესტიციო ბანკთან 2017 წლის ივლისში, ახალ 250 მილიონიან ხელშეკრულებას მოეწერება ხელი. აღნიშნული ინვესტიციები მიმართული იქნება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობაზე," – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ვაზილ ჰუდაკთან (Vazil Hudak) შეხვედრის შემდეგ.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, გასული, 2016 წლის განმავლობაში, ევროპის საინვესტიციო ბანკმა გააორმაგა ინვესტიციები საქართველოში და მისმა პორტფელმა 1 მლრდ ევროს მიაღწია.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, „მნიშვნელოვანია, ევროპის საინვესტიციო ბანკის გააქტიურება კერძო სექტორის მხარდაჭერის მიმართულებით. აღნიშნული ბანკის მეშვეობით, შესაძლებელი გახდა "InnovFin-ის" პროგრამაში ჩართვა, რომელიც განკუთვნილია ინოვაციური და დამწყები ბიზნესების დაფინანსებისთვის".

პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი აშშ-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, რომლის დროსაც, მან საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ საგაზაფხულო შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა.

Comments
Loading...