ქუმსიშვილი: აზერბაიჯანი ენერგეტიკის დარგში საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია

221

აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში, პირველი ვიცეპრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრს ფარვიზ შაჰბაზოვს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრაზე დადებითად შეფასდა ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ენერგეტიკის მიმართულებით. როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, აზერბაიჯანი იყო და რჩება საქართველოს  სტრატეგიული პარტნიორი ენერგეტიკის დარგში. "ვიმედოვნებთ, რომ არსებული ურთიერთობები კიდევ უფრო ნაყოფიერი იქნება ჩვენი ქვეყნებისთვის და განვითარდება ახალი მიმართულებებითაც", – აღნიშნა საქართველოს პირველმა ვიცეპრემიერმა.

ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს იმ პროექტებზე, რომელთა განხორციელებაც პრიორიტეტულია ჰიდროენერგეტიკულ სექტორში, ასევე  განახლებადი ენერგიის ათვისების  კუთხით თანამშრომლობის განვითარებაზე. აღინიშნა, რომ  ქვეყანას გააჩნია განახლებადი ენერგიის სხვა წყაროების დიდი პოტენციალი, რაც იძლევა არამარტო წყლის რესურსის, არამედ ქარის, მზის, გეოთერმული და ბიომასის ენერგიის ათვისების კუთხით თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობას.

ორი ქვეყნის მინისტრებმა ხაზგასმით აღნიშნეს სამხრეთის გაზის კორიდორის განვითარების მნიშვნელობა, რომლის საშუალებით საქართველოსა და თურქეთის გავლით, ევროპისთვის აზერბაიჯანული გაზის მიწოდება უნდა მოხდეს. გაზსადენი მომავალში დაუკავშირდება ტრანსანატოლიურ (TANAP)  და ტრანსადრიატიკულ (ТАР)  გაზსადენებს, რომლის შედეგადაც შაჰ-დენიზის საბადოდან მოპოვებული გაზი საბოლოოდ ევროპის ბაზარზე შევა.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა განაცხადეს, რომ გახსნილები არიან სათანამშრომლოდ ენერგომატარებლების ტრანზიტისა და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებებით.

Comments
Loading...