ქობულია: EBRD-ის დირექტორთა საბჭო ძალიან კმაყოფილია იმ რეფორმებით, რომელიც დღემდე გვქონდა

54

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ჯგუფის (EBRD) დირექტორთა საბჭოს 11 წევრს შეხვდა, რომლებიც საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური ვითარებისა და ბანკის საქმიანობის გასაცნობად არიან ჩამოსული.

შეხვედრაზე განხილული იყო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საქმიანობა, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, აგრეთვე სამომავლო თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები. ასევე ყურადღება გამახვილდა EBRD-ის მხრიდან ეკონომიკური განვითარებისა და კერძო სექტორის მხარდაჭერაზე.

შეხვედრის შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ განაცხადა, რომ EBRD-ი დიდი ენთუზიაზმით უყურებს საქართველოში მიმდინარე პროცესებს.

“ისინი ძალიან კმაყოფილები არიან იმ რეფორმებით, რომელიც ჩვენ გვქონდა დღემდე, მაგრამ კიდევ უფრო დიდი ენთუზიაზმით უყურებენ იმ გეგმებს, რომელიც ჩვენ გვაქვს მომავლისთვის. მზად არიან გაგვიწიონ დახმარება, როგორც ენერგეტიკულ სფეროში, ასევე წიაღის ათვისებაში და რაც ძალიან მნიშვნელოვანია მასშტაბური დახმარება გაგვიწიონ ტექნიკური განათლების მიმართულებით”, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

Comments
Loading...