ქობულია: პროფესიული გადამზადების პროგრამა ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო საქმეა მოქალაქეების დასაქმებისთვის

24

“ჩვენ, როგორც მთავრობა, თავს მოვალედ ვთვლით, ხელი შევუწყოთ ჩვენს მოქალაქეებს კვალიფიკაციის ამაღლებაში, რითიც ასევე დავეხმარებით კერძო სექტორს საჭირო კადრების შერჩევასა და მათ დასაქმებაში” – ამის შესახებ გიორგი ქობულიამ მედიის წარმომადგენლებთან “რედისონში” გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც მინისტრმა პროფესიული გადამზადების მასშტაბური პროგრამის დაწყება დააანონსა.

მისივე თქმით, არაერთი კვლევა და როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ინვესტორების გამოკითხვა ადასტურებს, რომ კვალიფიკაცია – ეს არის ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევა ქვეყანაში უფრო მეტი ინვესტიციების განხორციელებისთვის.

“დღეს დავიწყეთ პროფესიული გადამზადების მასშტაბური პროგრამა, პირველ ეტაპზე, ორ ძირითად სექტორში – ეს არის ტურიზმი და საინფორმაციო ტექნოლოგიები. რატომ ტურიზმი? იმიტომ, რომ ეს არის დღეს ეკონომიკის ძირითადი სექტორი და გვსურს, აქ ავწიოთ მომსახურების ხარისხი, რადგან, ჩვენი ვარაუდით, რამდენიმე წელიწადში 11 მილიონამდე გაიზრდება ქვეყანაში ვიზიტორთა რაოდენობა და მათ მომსახურებას სჭირდება ძალიან დიდი სერვისის მანქანა, რომელიც ჩვენ უნდა შევქმნათ”, – აღნიშნა მინისტრმა.

რაც შეეხება საინფორმაციო ტექნოლოგიებს, გიორგი ქობულიას შეფასებით, ამ სექტორს დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც საქართველოს ბაზრისთვის, ასევე ექსპორტისთვის, რადგან დღეს საინფორმაციო ტექნოლოგიის ინჟინერის პროფესია ძალიან მოთხოვნადია საერთაშორისო ბაზარზე.

“წარმოიდგინეთ, რომ დღეს ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც ფიზიკურად საქართველოში არიან, ემსახურებიან დამკვეთებს ისეთ ქვეყნებიდან, როგორც არის აშშ, ავსტრალია, ევროპის ქვეყნები. მათ არ სჭირდებათ გასვლა ქვეყნიდან, ისინი აქ იღებენ ხელფასს და შემოაქვთ უცხოური ვალუტა ქვეყანაში. კონკრეტულად, ამ სექტორში პროგრამა გაწერილია სამი ათას კაცზე, მათი გადამზადება ჯდება 2,5 მილიონი დოლარი და ამის დაფინანსებაში გვეხმარება მსოფლიო ბანკი” – განაცხადა მინისტრმა.

რაც შეეხება პროგრამის სხვა მიმართულებას, მინისტრის თქმით, იქ არის საკმაოდ რთული ბიუჯეტირება, მაგრამ პროგრამის მიზანი ერთმნიშვნელოვნად სასარგებლოა.

“პირდაპირ ვიტყვი, რომ ამ პროგრამისთვის ჩვენ არ უნდა დავზოგოთ თანხები, რადგან ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო საქმე ჩვენი მოქალაქეების დასაქმებისა და კერძო სექტორის განვითარებისთვის” – აღნიშნა ქობულიამ.

Comments
Loading...