ქობულია: ზოგიერთ შემთხვევაში, ეკონომიკურ დესპანად საელჩოში დასაქმებული პერსონალი დაინიშნება

32

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ მონაწილეობა მიიღო და მოხსენება გააკეთა საქართველოს ელჩების კონფერენციაზე, რომელიც საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელი პირების მონაწილეობით მიმდინარეობს.

გიორგი ქობულიას განცხადებით, საქართველოს ზოგიერთ საელჩოში შეიქმნება ეკონომიკური დესპანის ახალი პოზიცია, რომელსაც ექნება მაღალი ლეგიტიმაცია და უკეთ იქნება ინტეგრირებული ჩვენს საელჩოებთან.

“ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და არ გვაქვს ისეთი დიდი რესურსი, როგორიც ზოგიერთ სხვა ქვეყანას, რომ პარალელურად თან საელჩოები გვქონდეს, თანაც შევინახოთ ატაშეების დიდი ინსტიტუტი. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ უფრო ეფექტური იქნებოდა, მისი ინტეგრირება საელჩოს სტრუქტურაში. ზოგიერთ შემთხვევაში, ეკონომიკურ დესპანად საელჩოში დასაქმებული პერსონალი დაინიშნება, ზოგ შემთხვევაში კი – ახალი კადრი,” – განაცხადა გიორგი ქობულიამ. მისი თქმით, კომერციული დესპანები საგარეო საქმეთა სამინისტროს დაექვემდებარებიან, თუმცა ისინი მჭიდროდ ითანამშრომლებენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან.

საქართველოს ელჩების კონფერენცია 21 დეკემბერს დასრულდება.

Comments
Loading...