ქობულია: ავეჯის წარმოება უნდა გახდეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო სექტორი

34

თურქეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ავეჯის მწარმოებელი 12 უმსხვილესი თურქული კომპანიის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. მათ შორის, ზოგიერთი უკვე საქმიანობს საქართველოში და სამომავლოდ წარმოების გაზრდას და ექსპორტზე პროდუქციის გატანასაც გეგმავს.

შეხვედრა თურქეთის უმსხვილესი ბიზნეს გაერთიანების – საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს (DEIK) ორგანიზებით ჩატარდა, მას ორგანიზაციის პრეზიდენტი ნაილ ოლფაქი და თურქეთი – საქართველოს ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ იანგინი, აგრეთვე საქართველოს ელჩი თურქეთში გიორგი ჯანჯღავა დაესწრნენ.

შეხვედრაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მათ გააცნო საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო, აგრეთვე მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს ავეჯის მწარმოებელთა და ზოგადად აღნიშნული ბაზრის განვითარების შესაძლებლობებზე, ასევე იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებსაც ქვეყნის მთავრობა უკვე ახორციელებს ან სამომავლოდ აპირებს მიიღოს აღნიშნული სექტორის განვითარების მიზნით.

როგორც გიორგი ქობულიამ აღნიშნა, თურქეთის ავეჯის მწარმოებელ კომპანიებთან შეხვედრა ძალიან პროდუქტიული იყო.

“მათ ძალიან დიდი ენთუზიაზმი გამოხატეს საქართველოში ინვესტიციებთან დაკავშირებით ავეჯის წარმოების სექტორში, სხვადასხვა ტიპის ავეჯში. უკვე დღესვე გადაწყდა, რომ ისინი ჩამოდიან საქართველოში 12-დან 15 ნოემბრამდე, რათა განიხილონ კონკრეტული წინადადებები და გვქონდეს კონკრეტული მოლაპარაკებები. დიდ იმედებს ამყარებენ საკმაოდ დიდი მასშტაბის წარმოებების აწყობაზე, რომლებიც მოემსახურება არამარტო ჩვენს რეგიონალურ ბაზარს, არამედ ასევე საექსპორტო ბაზრებს, როგორიც არის ევროპა და ჩინეთიც კი. ამიტომ ჩვენ დიდ იმედებს ვამყარებთ ამაზე და გვგონია, რომ ავეჯის წარმოება უნდა გახდეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო სექტორი საქართველოში” – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მრგვალი მაგიდის წარმომადგენლებისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას გეგმავს საქართველოს მთავრობა ავეჯის წარმოებისთვის აუცილებელი კვალიფიციური პერსონალის გადამზადების მიმართულებით, ასევე ნაბიჯები, რომელიც გადაიდგა საქართველოში ავეჯის კლასტერის განვითარების მხარდაჭერის მიზნით. შეხვედრაზე თურქი ბიზნესმენების მხრიდან გამოითქვა დაინტერესება, საქართველოს ავეჯის წარმოების გაფართოებისა და დამატებითი ინვესტიციის განხორციელების შესახებ.

შეხვედრაზე საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს პრეზიდენტმა ნაილ ოლფაქმა მოუწოდა თურქ ბიზნესმენებს, რომ საქართველოში უამრავი შესაძლებლობებია არა მხოლოდ ვაჭრობის კუთხით, არამედ ინვესტირების თვალსაზრისითაც. „დღეს ჩვენ ვისმენთ იმ ღონისძიებების შესახებ, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით და ეს ძალიან გვახარებს,” – განაცხადა მან.

შეხვედრის დასასრულს, თურქეთი – საქართველოს ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ იანგინმა განაცხადა, რომ ქართული მხარის მოწვევით, 12 – 15 ნოემბერს საქართველოში მსხვილი თურქული კომპანიების, მათ შორის, ავეჯის მწარმოებლების წარმომადგენელთა დელეგაცია ეწვევა, რომელიც ადგილზე გაეცნობა საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და ბიზნეს-შესაძლებლობებს.

Comments
Loading...