ქით ქროქი: აშშ-ი განსაკუთრებით მოხარულია საქართველოს გაწევრიანებით უსაფრთხო ქსელების ხაზებში

5

„ძალზედ მოხარული ვარ, რომ ისეთი დიდებული ქვეყანა, როგორიც საქართველოა უერთდება Clean Network Lines (სუფთა/უსაფრთხო ქსელების ხაზები) ქვეყნებს, რომელთა რიცხვი მზარდია“, – ამის შესახებ აშშ- ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ეკონომიკური ზრდის, ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის საკითხებში ქით ქროქმა აშშ-სა და საქართველოს შორის 5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმის გაფორმებისას განაცხადა.

მემორანდუმში ხაზგასმულია აშშ – ისა და საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობა მეხუთე თაობის უსადენო საკომუნიკაციო ქსელების (5G) განვითარების მიმართულებით. მემორანდუმის თანახმად, 5G იძლევა შესაძლებლობას, შეიქმნას აპლიკაციების ფართო სპექტრი, მათ შორის, რომლებიც გამოყენებული იქნება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მომსახურების მისაწოდებლად, რაც სარგებელს მოუტანს ორი ქვეყნის მოქალაქეებსა და ეკონომიკებს.

ქით ქროქის თქმით, აშშ-ი განსაკუთრებით მოხარულია საქართველოს გაწევრიანებით უსაფრთხო ქსელებში. მისივე განცხადებით, საქართველო ყოველთვის იყო აშშ-ს საიმედო პარტნიორი უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში.

„აშშ განსაკუთრებით მადლიერია საქართველოსი, რომელიც მხარს გვიჭერს ავღანეთში და ჩვენც ასევე მყარად ვუჭერთ მხარს საქართველოს ნატოში გაერთიანებას და წინააღმდეგობას, რომელსაც ქვეყანა უწევს რუსეთის შემაშფოთებელ ქმედებებს. საქართველოს რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევის შთამაგონებელი ისტორია აქვს, მიუხედავად მათ ხელთ არსებული რესურსებისა. რუსეთი კვლავ რჩება მნიშვნელოვან საფრთხედ, ვინაიდან კვლავ აგრძელებს ქვეყნის 20%-ის ოკუპირებას“, – განაცხადა ქით ქროქმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თქმით, საქართველო არის გამჭვირვალე, უსაფრთხო და დემოკრატიული ქვეყანა, რომელიც აგრძელებს მუშაობას უსაფრთხოების გაზრდის, ასევე, ინტელექტუალური საკუთრებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის მიმართულებით.

„დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს დამოკიდებულებას ამ საკითხების მიმართ. თქვენ უერთდებით იმ გუნდს, რომელიც ორიენტირებულია უსაფრთხოების გაძლიერებაზე საერთაშორისო დონეზე. როგორც საქართველო, ისე აქ, ვაშინგტონი, თანაბრად მოხარულები ვართ, ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებით“, – აღნიშნა ქით ქროქმა.

Comments
Loading...