ქვეყნებში, სადაც ვალუტა დოლართან მიმართებაში მკვეთრად გაუფასურდა, iPhone-ის ფასი შემცირდება

39

კომპანია Apple, iPhone-ების ზოგიერთი მოდელის ფასის დაწევას აპირებს. ეს კი, iPhone-ების 12-წლიანი არსებობის განმავლობაში, ფასის დაწევის მეორე შემთხვევაა.

გაიაფება შეეხება მხოლოდ ისეთ ქვეყნებს, სადაც ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლართან მნიშვნელოვნად გაიაფდა. ამის შესახებ ტიმ კუკმა განაცხადა.

კუკის თქმით, Apple ფასის კორექტირებას მოახდენს ადგილობრივი ვალუტის გასული წლის მაჩვენებელთან.

“გადავწყვიტეთ, დავუბრუნდეთ იმ ფასებს, რაც გასულ წელს იყო დაფიქსირებული და იმედი გვაქვს, რომ ამ ქმედებით, კონკრეტულ ქვეყნებში შევძლებთ პროდუქციის გაყიდვას”, – აღნიშნავს ტიმ კუკი.

მისი თქმით, იმ ქვეყნებში, სადაც ეროვნული ვალუტა მნიშვნელოვნად გაუფასურდა აშშ დოლართან მიმართებაში, iPhone-ების ფასიც, შესაბამისად გაიზარდა. გადაწყვეტილება კი მას მერე იქნა მიღებული, რაც ამ რეგიონებში მოხდა მაკროეკონომიკური შეფასება.

კონკრეტულად რომელი ქვეყნების შესახებ არის საუბარი, კუკს არ დაუზუსტებია და არც იმის შესახებ უსაუბრია, თუ როდიდან დაიწყება ფასების შემცირება. აქამდე Reuters-ი წერდა, რომ ქვეყნები, სადაც აშშ დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტა გაუფასურდა, არის რუსეთი, თურქეთი და ბრაზილია.

ახალი iPhone XS, რომელიც სექტემბერში გამოვიდა, 999 აშშ დოლარი ღირს, ეს ფასი კი 2017 წელს გამოსული iPhone X-ის ღირებულების ტოლია.

Comments
Loading...