ქართული პროდუქცია მილანში გამოიფინება

325

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინიტროს სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით, მილანში ტყავის საერთაშორისო გამოფენაში "LINEAPELLE" სამი ქართული ტყავის პროდუქციის მწარმოებელი კომპანია მიიღებს მონაწილეობას.

მილანის გამოფენაზე ქართული სტენდის ქვეშ, ტყავის პროდუქციას კომპანიები: შპს "ჯეოპელი", შპს "ფილიმასკა" და შპს "დერი სტანდარტი" წარმოადგენენ. ქართულ კომპანიებს საშუალება მიეცემათ მნიშვნელოვანი ბიზნეს და სავაჭრო კავშირები დაამყარონ გამოფენაში მონაწილე უცხოურ კომპანიებთან და  აითვისონ ახალი საექსპორტო ბაზრები.

სავაჭრო გამოფენა რომელიც მილანში 4-დან 6 ოქტომბრამდე გაგრძელდება, 1981 წლიდან  დღემდე მსოფლიოს სხვდასხვა კუთხიდან ტყავის პროდუქციის ინდუსტრიაში მოღვაწე საერთაშორისო კომპანიებს აერთიანებს.  გამოფენას 22 000-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავს, ხოლო მონაწილე კომპანიების რაოდენობა 1 200-ს აღემატება.

მნიშვნელოვანია, რომ სააგენტო "აწარმოე საქართველოში" მსგავსი ტიპის ღონისძიებებს პერმანენტულად უწევს ორგანიზებას და აღნიშნული სახის გამოფენებში მონაწილეობით ხელს უწყობს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას საერთაშორისო ბაზარზე.

Comments
Loading...