ქალაქ ოზურგეთს ახალი ავტოსადგური ექნება – საჯარო განხილვა ქალაქის მერიაში

453

დღეს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში საჯარო განხილვა გაიმართა, რომელიც ქალაქ ოზურგეთში ავტოსადგურის ადგილმდებარეობის შეცვლას ეხებოდა. პროექტის განხორციელება წულაძის ქუჩის გზაგამყოფი ბორდიურის 10 მეტრიანი მონაკვეთის დემონტაჟს საჭიროებს. დემონტაჟის საკითხი სწორედ საზოგადოების აზრის გათვალისწინებით უნდა განხორციელდეს, – აღნიშნულის შესახებ ინფომრაციას ოზურგეთის მერია ავრცელებს.

საჯარო განხილვაში მონაწილეობა საზოგადოების წევრებმა, არქიტექტორებმა და მძღოლებმა მიიღეს. განხილვას, ასევე, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საჯარო განხილვის მონაწილეებმა ახალი ავტოსადგურის, ასევე, მისი ადგილმდებარეობის შეცვლის მნიშვნელობაზე იმსჯელეს და წარმოდგენილი პროექტი დადებითად შეაფასეს.

ს.ს. "ოზურგეთის სამგზავრო ავტოსადგური" მგზავრთა მომსახურეობის გაუმჯობესების მიზნით, გეგმავს ავტოსადგურის ადგილმდებარეობის შეცვლას. სავარაუდო ტერიტორიად მონიშნულია წულაძის ქუჩის N7. ხსენებული ტერიტორია ინფრასტრუქტურულად მოეწყობა და გათვალისწინებული იქნება ყველა საჭირო ნორმა.

ავტოსადგური დააკმაყოფილებს მეორე კატეგორიის სტანდარტს, მოეწყობა პანდუსები, განრიგის ადაპტირებული დაფა უსინათლოებისთვის და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მოსაცდელი დარბაზი. ავტოსადგურის მიმართულებით, ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მოხერხებულად და დაუბრკოლებლად მანევრირებისთვის, საჭიროა წულაძის ქუჩის გზაგამყოფი ბორდიურის 10 მეტრიანი მონაკვეთის დემონტაჟი. აღნიშნული დემონტაჟის სამუშაოები არ შეეხება აქ მდებარე ხეებს. ხსენებული პროექტის განხორციელების მიზნით, ს.ს. "ოზურგეთის სამგზავრო ავტოსადგური" ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიისგან ბორდიურის დემონტაჟის ნებართვას ითხოვს.

Comments
Loading...