ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ზაფხულის სეზონისთვის ემზადება

384

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ ზაფხულის მარკეტინგული კამპანიის შესახებ პრესკონფერენცია გამართა. პრესკონფერენციას სპეციალურად ამ დღისთვის საქართველოში ჩამოსული Google – ს წარმომადგენლები დაესწრნენ. კომპანია Google-თან ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უკვე მეორე წელია აქტიურად თანამშრომლობს.

ზაფხულის მარკეტინგული კამპანიის მომზადებაში Google აქტიურად იყო ჩართული- მათ შორის დაგეგმვაში, ანალიზსა და ქართველ სპეციალისტებთან კონსულტაციაში. ასევე მათთან ერთად მოხდება განხორციელებული აქტივობების შედეგების ანალიზიც. შარშან კი Google- მა მონაწილეობა მიიღო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ჩატარებულ ციფრული მარკეტინგის პირველ საერთაშორისო კონფერენციაში – TOUCH. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ზაფხულის სეზონისთვის 14 მიზნობრივ ბაზარზე აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას იწყებს.

25 მარტიდან 30 ივნისის ჩათვლით ინტერნეტკამპანია შემდეგ ქვეყნებში ჩატარდება: რუსეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, გერმანია, იტალია, ისრაელი,უკრაინა, პოლონეთი, ბელორუსი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, თურქეთი, სომხეთი,ლიტვა, ლატვია. აღნიშნულ ბაზრებზე საქართველოს ტურისტული პოტენციალის რეკლამირება მოხდება. მათ შორის საზღვაო და სამთო კურორტების, ბუნების , ღვინის, სამზარეულოს, კულტურის, ინფრასტრუქტურის და სათავგადასავლო ტურიზმის პოპულარიზაცია. ზაფხულის მარკეტინგული კამპანია ხელს შეუწყობს საქართველოს შესახებ ინტერესის ზრდას, რაც ტურისტების ნაკადზე აისახება.

"2016 წელი რეკორდული მაჩვენებლით დასრულდა და მოგზაურების რაოდენობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია (6, 350 , 825) , ზრდის ტენდენცია 2017 წელსაც გაგრძელდა და პოზიტიური მაჩვენებლები დაფიქსირდა იანვრის (ტურისტები + 32,4 %) და თებერვლის (ტურისტები + 16,4%) თვეშიც. დარწმუნებული ვართ, რომ ზაფხულიც არანაკლებ წარმატებული გვექნება, ამისთვის კი სამზადისს და აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას უკვე ვიწყებთ", – აცხადებს გიორგი ჩოგოვაძე. ინტერნეტ მარკეტინგული კამპანია შემდეგ პლატფორმებზე განხორციელდება:Facebook, Google, Instagram, Youtube, Vkontakte, Mail.Ru, Yandex, Odnoklassniki.ru ინტერნეტკამპანიის გარდა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია რუსეთში, ყაზახეთში, უკრაინასა და ბელარუსში სატელევიზიო რეკლამასაც განახორციელებს.

აღნიშნულ ქვეყნებში ზაფხულის სარეკლამო რგოლი წამყვან სატელევიზო არხებზე განთავსდება. ონლაინ კამპანიისთვის 3 498 336 ლარი დაიხარჯება, სატელევიზიო რეკლამისთვის კი 4 091 500 ლარი.

Comments
Loading...