ტოკიოში ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის ხარჯები 20 მილიარდ დოლარს აჭარბებს

6

ტოკიოში ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის ხარჯები 20 მილიარდ დოლარს აჭარბებს. იტყობინება The Wall Street Journal-ი იაპონიის სამთავრობო აუდიტის სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

შედეგად, ტოკიოს ოლიმპიადა გახდა ყველაზე ძვირადღირებული ზაფხულის ოლიმპიადა ოლიმპიური თამაშების ისტორიაში.

მანამდე იაპონიის ხელისუფლება იუწყებოდა, რომ საორგანიზაციო ხარჯები დაახლოებით 15.4 მილიარდი დოლარი იქნებოდა.

საორგანიზაციო ხარჯები თითქმის სამჯერ აღემატება თავდაპირველ პროგნოზს, რომელიც მაშინ გაკეთდა, როდესაც ტოკიომ მასპინძლობის თხოვნით საერთაშორისო ოლიპიურ კომიტეტს მიმართა. მაშინ დაახლოებით 7.4 მილიარდ დოლარს ვარაუდობდნენ.

მანამდე ყველაზე ძვირადღირებულ ოლიმპიადად ლონდონის 2012 წლის თამაშები ითვლებოდა, სადაც 11.04 მლრდ დოლარი დაიხარჯა.

ვარაუდობენ, რომ იაპონიაში ოლიმპიადის შემოსავლები რეკორდულად დაბალი იქნება, ვინაიდან პანდემიის გამო, თამაშები მკაცრი შეზღუდვის პირობებში, უცხოელი გულშემატკივრების გარეშე ტარდება.

ტოკიოს ოლიმპიური თამაშები გასულ წელს უნდა გამართულიყო, თუმცა პანდემიის გამო გადაიდო. იაპონიამ ოლიმპიადის გადადების გამო, თამაშების ორგანიზებისთვის დამატებით 2.8 მლრდ დოლარი გამოყო.

Comments
Loading...