სულაბერიძე: მეამაყება, რომ შავი ზღვის ფოლკლორის ფესტივალზე ანსამბლი “რუსთავიც” მონაწილეობს

269

შავი ზღვის  ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი ტრადიციულად  შავიზღვისპირეთში მოეწყობა და  გურიასთან ერთად აჭარაც უმასპინძლებს. ფესტივალი 7 ქვეყნის ფოლკლორს გააერთიანებს. კონცერტები სტარტს 31 აგვისტოს ბათუმში აიღებს, 1 სექტემბერს ურეკში გაგრძელდება და 2 სექტემბერს „ბლექ სი არენაზე“ გალა კონცერტით დასრულდება.

შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალმა შარშან ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია. ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორის, გიორგი დონაძის განცხადებით, 24 ანსამბლი, 400-მდე მონაწილე – ეს უკვე დიდი შედეგია და  მათი რაოდენობა წელს კიდევ უფრო გაიზარდა. ფესტივალისთვის "Black Sea Arena"  იდეალური სივრცეა თავისი უზარმაზარი სცენით, ხარისხიანი განათებით, ეკრანებითა და გახმოვანებით. ღონისძიების წარმატებით ჩატარებაში ასევე მნიშვნელოვან როლს რეჟისურა შეასრულებს.

ფესტივალის მნიშვნელობაზე, ქართული ფოლკლორის ხელშეწყობასა და მის პოპულარიზაციაზე საუბრობს ანსამბლი "რუსთავის" მთავარი ქორეოგრაფი ფრიდონ სულაბერიძე.

"მთელი ჩემი ცხოვრება ფოლკლორს  ვემსახურები და  ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილია. უამრავ ფესტივალში მიმიღია მონაწილეობა. შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი გამორჩეული, მნიშვნელოვანი და განსაკუთრებულია. მოხარული ვარ, რომ ფესტივალმა ტრადიციული სახე მიიღო და წელსაც იმართება. მეამაყება, რომ "ბლექ სი არენას" გრანდიოზულ სცენაზე  სხვა ქვეყნების ფოლკლორულ ჯგუფებთან ერთად ანსამბლი "რუსთავიც" იღებს მონაწილეობას. მე მივდივარ ფოლკლორის ფესტივალზე", – აღნიშნავს ფრიდონ სულაბერიძე.

შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდება. ღონისძიება Black Sea Arena-ს, კულტურის სამინისტროსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით, Check in Georgia- ფარგლებში გაიმართება.

Comments
Loading...