სტიქიის შემდეგ ქალაქი ოზურგეთი ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მოინახულა

385

სტიქიასთან დაკავშირებით დღეს ოზურგეთში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე კახაბერ გულედანი იმყოფებოდა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მერია ავრცელებს.

მინისტრის მოადგილემ გურიის მხარის გუბერნატორთან გია სალუქვაძესთან, ოზურგეთის მაჟორიტარ დეპუტატთან, არჩილ თალაკვაძესთან, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერთან ბეგლარ სიორიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად სტიქიის შედეგად დაზიანებული ადგილები მოინახულა.

გრიგალმა ქალაქ ოზურგეთში საკმაოდ მძიმე შედეგები გამოიწვია. ძლიერმა ქარმა მრავალბინიან და ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებს სახურავები ახადა, ქალაქის თითქმის ყველა ქუჩაზე მოგლიჯა ხეები და დააზიანა ავტომობილები. ასევე, დაზიანდა გაზმომარაგების მილსადენები, ელექტროგადამცემი სადენები და ბოძები.

ქალაქის მერიაში შექმნილია საგანგებო შტაბი და ზარალის დათვლა მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც მიყენებული ზიანის ოდენობა დადგინდება, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მყისიერად დაიწყება.

"გუშინდელი სტიქიის შემდეგ ქალაქ ოზურგეთის მერიაში შეიქმნა კომისია, რომელიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, ასევე, ამოქმედდა ცხელი ხაზი. მოქალაქები გვიკავშირდებიან და შემოაქვთ განცხადებები. ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, დაზიანებულია 250-მდე ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის სახურავი და 10-მდე კორპუსი. დღეს მინისტრის მოადგილე პირადად გაეცნო სტიქიის მძიმე შედეგებს, სამოქმედო გეგმა დავსახეთ და თანხების მობილიზების შემდგომ ერთობლივად დავიწყებთ სალიკვიდაციო სამუშაოებს", – აცხადებს ბეგლარ სიორიძე.

Comments
Loading...