“სტარტაპ საქართველოს” გამარჯვებულების ვიზიტის ფარგლებში, სან-ფრანცისკოში შეხვედრა გაიმართა

402

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენლები და სახელმწიფო პროგრამა "სტარტაპ საქართველოს" გამარჯვებული გუნდები, სააგენტოს მხარდაჭერით, შეერთებულ შტატებში სილიკონ ველიში იმყოფებიან. ვიზიტის ფარგლებში დღეს შეხვედრა გაიმართა სან-ფრანცისკოს "გაერთიანებული კლუბისა" და "Bay Area Council"-ის წარმომადგენლებთან, რომელსაც საქართველოს დელეგაციასთან ერთად საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე და დესპანი გიორგი ციკოლია ესწრებოდნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თიბისი ბანკი ავრცელებს.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს ეკონომიკურ-პოლიტიკურ პროგრესსა და საქართველოს მიღწევებს გლობალურ რეიტინგებში. დავით ბაქრაძემ მთავრობის 4 პუნქტიანი გეგმისა და სახელმწიფოს პრიორიტეტების შესახებ ისაუბრა და აქცენტი გააკეთა სტარტაპების მხარდამჭერ რეფორმებსა და პროგრამებზე. ინოვაციების სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა, მარიამ ლაშხმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკის მნიშვნელობას და ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ აქტივობებსა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიღწევებზე ისაუბრა. მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

სილიკონ ველიში "სტარტაპ საქართველოს" 8 გამარჯვებული გუნდი იმყოფება. სტარტაპები სამედიცინო, ფინანსური ტექნოლოგიების, ვირტუალური რეალობისა და ბაქტერიოფაგების სექტორებს წარმოადგენენ. გამარჯვებულ გუნდებს ტრენინგები სილიკონ ველის წამყვანმა სპეციალისტებმა და მენტორებმა ჩაუტარეს. მათ ასევე, უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ, წარადგინონ თავიანთი კომპანიები 50-მდე ვენჩურული ინვესტორის წინაშე, რომლებიც დაინტერესდნენ მათი პროექტებით.

ქართველი სტარტაპები ეცდებიან ამერიკელი ინვესტორებისგან ფონდების მოზიდვას. მოლაპარაკებები გაგრძელდება სამომავლო თანამშრომლობისათვის. საქართველო მზადყოფნას გამოთქვამს სილიკონ ველის ვენჩურული ინვესტორების საქართველოში შემოსვლის მხარდაჭერაზე.

Comments
Loading...