სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა

4

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

თანამშრომლობის მიზანია, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში დაცულ მონაცემებზე წვდომის გზით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული, ან რეგისტრაციის მსურველი ოჯახებისთვის სარეიტინგო ქულის დათვლის პროცედურის განხორციელებისას ოჯახების დეკლარაციებში დაფიქსირებული მონაცემების იდენტიფიცირება.

მემორანდუმი „მინდობით აღზრდის ანაზღაურების“ მიმღებ ბენეფიციართა, სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ და სპეციალიზებულ დაწესებულებაში განთავსებულ პირთა ბაზებში დაცული ინფორმაციის უმოკლეს დროში მიწოდებას ითვალისწინებს, რაც ბენეფიციარებისთვის სერვისის მიწოდების ხარისხს კიდევ უფრო გააუმჯობესებს.

„მჭიდრო თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მონაცემთა ბაზების კიდევ უფრო დახვეწასა და შესაბამისი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, რაც შემდგომი მექანიზმების განხორციელების ეფექტიანობას კიდევ უფრო გაზრდის“,- ამის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან გოგოძემ განაცხადა.

„დოკუმენტი არსებულ ბაზებს კიდევ უფრო გააუმჯობესებს, რაც საშუალებას მოგვცემს, ბენეფიციარებისთვის სერვისის მიწოდების ხარისხი კიდევ უფრო დავხვეწოთ. აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობა კიდევ უფრო დაიხვეწება“,- ამის შესახებ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორმა მერი მაღლაფერიძემ განაცხადა.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორმა მერი მაღლაფერიძემ და სოციალური მომსახურეობის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან გოგოძემ მოაწერეს.

Comments
Loading...