სოფელ წილკანში ინოვაციური პროექტის აგრო-კლიმატური სადგურების პრეზენტაცია გაიმართება

475

24  მარტს, მცხეთის რაიონის სოფელ წილკანში მდებარე სოფლის მეურნეობის სამეცნიერო–კვლევით ცენტრში ფონდ Your  Forest-ის ორგანიზებით, ინოვაციური პროექტის აგრო-კლიმატური სადგურების პრეზენტაცია გაიმართება, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ფონდის განმარტებით, აგრო-კლიმატური  სადგურების ქსელის დანერგვა   საქართველოს აგროსექტორში მნიშვნელოვან გარღვევას მოახდენს. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი მინი სადგურების მიერ დამუშავებული ინფორმაცია  მოსავლის დაზიანების რისკებს მინიმუმამდე დაიყვანს  და მოსავლიანობის ეფექტურ ზრდას განაპირობებს.

ფერმერი ონლაინ რეჟიმში მიიღებს ინფორმაციას  კონკრეტული სასოფლო სამეურნეო სავარგულის ნიადაგის ტენიანობის, ტემპერატურის, ნალექების რაოდენობის  და ამინდის მოსალოდნელი ცვალებადობის  შესახებ.

როგორც ფონდ Your Forest-ის დამფუძნებლები აღნიშნავენ,  არსებული აგრო-კლიმატური სადგურების მონაცემების გამოყენება დიდ სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ კერძო ფერმერს, ან აგრო-საწარმოებს, არამედ მთლიანად საქართველოს სოფლის მეურნეობას.

"ჩვენი ფონდის მოწვევით, საქართველოს არაერთი საერთაშორისო აგროექსპერტი ეწვია და საქართველოს აგრო პერსპექტივები შეისწავლა. ყველა მოწვეული ექსპერტი საქართველოს  შესახებ  მომზადებულ ანგარიშში  ცალსახად აღნიშნავს, რომ ქართული  სოფლის მეურნეობის განვითარების ერთ–ერთი  ხელისშემშლელი ფაქტორი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების სიმცირე და ნიადაგების არასაკმარისი მონიტორინგია.  ფონდმა Your Forest-მა სწორედ  ამ  ანგარიშების  და  რეკომენდაციების  საფუძველზე  გადაწყვიტა აღნიშნული პროექტის დაგეგმვა. არსებული აგრო-კლიმატური სადურების მონაცემების გამოყენება დიდ სარგებელს მოუტანს, არა მხოლოდ კერძო ფერმერს, ან აგროსაწარმოს, არამედ მთლიანად საქართველოს სოფლის მეურნეობას", – აღნიშნავენ ფონდში.

Comments
Loading...