სოსო ფხაკაძე: საზოგადოება ხედავს, რომ ეპიდსიტუაცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია, რამაც საშუალება მისცა ხელისუფლებას, რომ დღევანდელი დღიდან ბევრი რამ გაეხსნა

5

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან სკურპულოზურად ვუყურებდით ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციას და აქედან გამომდინარე, თანაზიარი ვიყავით იმ მოსაზრებისა, რომ პირველ რიგში ეპიდსიტუაცია უნდა დარგეულირებულიყო და ამის შემდგომ შეიძლებოდა უკვე ეკონომიკის გახსნაზე საუბარი და ა.შ. ფაქტია, მთელი საზოგადოება ხედავს, რომ ამ მხრივ სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია, რამაც საშუალება მისცა ხელისუფლებას, რომ დღევანდელი დღიდან ბევრი რამ გაეხსნა და ამისთვის ძალიან მადლობლები ვართ, – ამის შესახებ საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და მსხვილ დამსაქმებლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს პოზიტიური სიგნალია ბიზნესისა და ეკონომიკისთვის.

„ეს პოზიტიური სიგნალია ეკონომიკისთვის და პოზიტიურ ვიბრაციას შექმნის, ბუნებრივია, ბიზნესებისათვის. ასევე, ჩვენ დავაყენეთ ძალიან კონკრეტული საკითხი, დარჩენილი შეზღუდვები რაც არის, მათზე ძალიან მალე ვიმსჯელოთ და ისევ და ისევ მივიღეთ დაპირება, რომ დააკვირდებიან მომავალი ორი კვირის განმავლობაში ეპიდსიტუაციას, ვისაუბრეთ რაღაც პარამეტრებზე კორონავირუსის ახალ შემთხვევებთან დაკავშირებით და ვფიქრობთ, რომ ორ კვირაში ჩვენ იმასაც მივაღწევთ, რომ დარჩენილი შეზღუდვები რაც არის ისიც თანდათანობით გაუქმდეს,“- განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

კითხვაზე – იყო თუ არა პრემიერის მხრიდან რაიმე მითითება, საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა ასე უპასუხა:

„იყო თხოვნა და ეს ჩვენთვის გასაგებია, რომ ჩვენი თანამშრომლების ჯანმრთელობის დაცვისთვის უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც ნიშნავს იმას, რომ ის მოთხოვნები, რაც გვაქვს ეპიდემიოლოგების მიერ დაწესებული, ზედმიწევნით დავიცვათ. ამას ჩვენ ისედაც ვაკეთებთ და ბუნებრივია, მომავალში კიდევ უფრო მეტად გავაკეთებთ, რათა თითოეული მოქალაქის და ჩვენი თანამშრომლების ჯანმრთელობა იყოს დაცული,“- განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

Comments
Loading...