სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი 21%-მდე შემცირდა

3

PMCG-ის კვლევის მიხედვით, 2010-2020 წლებში, საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი 37%-დან 21%-მდე შემცირდა.

აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2010 წლიდან 2015 წლამდე 15.7 პპით დაიკლო, ხოლო მას შემდეგ მნიშვნელოვად აღარ შეცვლილა. 2020 წელს, COVID-19-ის კრიზისის გამო, 2019 წელთან შედარებით, სიღარიბის აბსოლუტური მაჩვენებელი 1.8 პპ-ით გაიზარდა. სოფლად მცხოვრებთათვის კრიზისი შედარებით ძლიერი აღმოჩნდა და 3.8 პპ-ით გაიზარდა, ხოლო ქალაქად – 0.7 პპ-ით. უნდა აღინიშნოს, რომ ფარდობითი სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილის დინამიკაში არ აისახა ბოლო ათწლეუში აბსოლუტური სიღარიბის ცვლილებები და მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.

ბოლო ათწლეულში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს მიღმა მცხოვრები მოსახლეობის წილის კლების მიუხედავად, სოციალური შემწეობის მიმღები ადამიანების წილი საქართველოს მოსახლეობაში 11.4%- დან 13%-მდე გაიზარდა. COVID-19-ის კრიზისის გამო კი, 2021 წლის აგვისტოში შემწეობის მიმღებთა წილმა 16.7%-ს მიაღწია.

2010-2020 წლებში საშუალო ოჯახისთვის ყოველწლიური საარსებო მინიმუმი მუდმივად იზრდებოდა, გარდა 2012, 2013 და 2016 წლებისა, როდესაც აღინიშნებოდა კლება. 2010 დან 2020 წლამდე საარსებო მინიმუმი 96 ლარით გაიზარდა და 321 ლარი შეადგინა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ საარსებო მინიმუმის ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა ინფლაციის მაღალმა დონემაც იქონია და რეალური მაჩვენებელის მნიშვნელოვანი ცვლილება არ შეინიშნებოდა.

Comments
Loading...