“სილქ როუდ ჯგუფი” “ჩეპმენ ტეილორთან” თანამშრომლობას იწყებს

198

"სილქ როუდ ჯგუფმა" არქიტექტურული დიზაინის და გეგმარების წამყვან კომპანიასთან, "ჩეპმენ ტეილორთან" მოლაპარაკებები დაასრულა. (https://www.chapmantaylor.com)

შეთანხმების საფუძველზე, სწორედ "ჩეპმენ ტეილორი" იმუშავებს, როგორც "სილქ თაუერის", ასევე მთლიანად "ბათუმი რივიერას" პროექტის არქიტექტურულ დიზაინსა და გეგმარებაზე. მთავარი აქცენტი მთელი პროექტის მასშტაბით გამწვანებაზე გაკეთდება.

6 ჰექტარზე "სილქ თაუერი" და პროექტის განვითარების შემდგომ ეტაპებზე დაგეგმილი შენობა-ნაგებობები განთავსდება.

პროექტი მოიცავს საცხოვრებელ აპარტამენტებს, იახტ კლუბს და დამატებით 2 ჰექტარზე განლაგებულ პარკს, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაში, იგი ბათუმის ბულვარის განუყოფელი ნაწილი და სალანდშაფტო-სარეკრეაციო ზონა იქნება. აჭარის მთავრობასთან მიღწეული შეთანხმებით, ტერიტორიას მიენიჭება ძეგლის სტატუსი, რაც იმას ნიშნავს, რომ პარკის ტერიტორიაზე არანაირი შენობა არ აშენდება.

პარკი ერთიანი ლანდშაფტური კონცეფციის ნაწილი გახდება და მის გეგმარებაზე "ჩეპმენ ტეილორი" იმუშავებს. საბოლოო ვარიანტი შეთანხმდება აჭარის მთავრობასთან და მის სამომავლო მოვლა-განვითარებაზე "სილქ როუდ ჯგუფი" იზრუნებს.

აღნიშნული პროექტი საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება, ხოლო პროექტის პირველი ფაზის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 65 მილიონი აშშ დოლარია.

პროექტის კიდევ ერთი პარტნიორია – კომპანია "ბათუმის იახტ კლუბი", რომელიც "სილქ როუდ ჯგუფთან" ერთად დებს ინვესტიციას და იახტ კლუბის მართვის ვალდებულებას მინიმუმ 20 წლის ვადით კისრულობს. საწყის ეტაპზე იახტ კლუბში 3 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდება, რომელსაც "ბათუმის იახტ კლუბი" და სილქ როუდ ჯგუფი" თანაბრად განახორციელებენ.

პროექტის პირველი ეტაპის პრეზენტაცია  მიმდინარე წლის აგვისტოში გაიმართება. აგვისტოშივე დაიწყება  მოსამზადებელი სამუშაოები, ხოლო 2019 წლიდან მშენებლობა აქტიურ ფაზაში შევა.

Comments
Loading...