სილქ როუდ ჯგუფის გაანცხადება საქანელას პროექტის შესახებ

86

გვსურს გამოვეხმაუროთ „საქანელას“ პროექტის  წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას, რომელსაც სამწუხაროდ მედიების ნაწილი და პოლიტიკურად დაინტერესებული ჯგუფები მიზანმიმართულად  აწარმოებენ. მათი მხრიდან ვრცელდება პროექტის შესახებ არასრული, არაობიექტური და არაპროფესიონალური მოსაზრებები.

ქალაქისთვის ამ უმნიშვნელოვანეს პროექტზე საუბრისას გამოვიჩინეთ მაქსიმალური გამჭირვალობა და ვითანამშრომლეთ ყველა მედიასთან იმ იმედით, რომ მოხდებოდა თემის მიუკერძოებელი და დაბალანსებული გაშუქება, რათა დაინტერესებულ საზოგადოებას მიეღო ამომწურავი ინფორმაცია პროექტის შესახებ. თუმცა, კომპანიის დირექტორის, გიორგი მარრის, ჟურნალისტებთან ვრცელი საუბრებიდან სიუჟეტებში შეგნებულად გამოყენებულია მცირე ნაწყვეტები, გამოტოვებულია მისი განმარტებები ბრალდებებზე, რომელსაც პოლიტიკურად მოტივირებული და ხშირად არაპროფესიონალი ადამიანები აკეთებენ და ჩვენი პოზიცია წარმოჩენილია ისე, თითქოს კომპანიის მხრიდან იგნორირებულია ქალაქის ისტორიული ნაწილის არქიტექტურული კონტექსტი და საზოდადოებრივი ინტერესი და მხოლოდ პირადი ბიზნეს-ინტერესები გვამოძრავებს.  

21 ნოემბერს ტელეკომპანია მთავარის ეთერში საქანელას პროექტისთვის მიძღვნილი სიუჟეტის მიზანი თემის პოლიტიზირება იყო. 

სიუჟეტი იწყება სიტყვებით – „ქალაქის ცენტრში ახალი ბეტონის ჯუნგლების მშენებლობა იგეგმება“, ამასთანავე მაყურებელს ანახებენ კადრებს, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს პროექტთან. სახეზეა მაყურებლისთვის იმთავითვე ტენდენციური განწყობის შექმნა.  საქანელას პროექტს ობიექტური მხარე „ბეტონის ჯუნგლებს“ ნამდვილად არ უწოდებდა. სილქ როუდ ჯგუფის პროექტებს ბევრი პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდო აქვს მიღებული, „ბეტონის ჯუნგლებს“ ამგვარ ჯილდოებს არ ანიჭებენ. ჩვენ ყოველთვის მაღალი კვალიფიკაციის, საერთაშორისო გამოცდილების პროფესიონალებთან ვთანამშრომლობთ ნებისმიერ დარგში, იქნება ეს არქიტექტურა, ურბანისტიკა, დიზაინი თუ ინჟინერია. ბეტონის ჯუნგლები იმ გაუაზრებელ მშენებლობებს დაერქვათ, სადაც აბსოლუტურად დარღვეულია ყველა ესთეტიკური თუ არქიტექტურული ნორმა. სამწუხაროდ, ასეთები საქართველოში ბევრი გვინახავს. ასეთი მშენებლობები მიმართულია ერთჯერადი მოგებისკენ,  მაშინ, როცა საქანელას პროექტი გრძელვადიანი ხედვის ნაწილია, რომელიც მნიშვნელოვან ფუნქციას ატარებს და მასზე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო არქიტექტორთა ჯგუფი (გრაფტი https://graftlab.com/portfolio_page/wave/) მუშაობდა. ამ კომპანიამ ზუსტად წელს მოიპოვა პარიზში უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე – მიპიმზე – ჯილდო თავისი საცხოვრებელი კომპლექსისთვის. გრაფტთან დიდი ხანია ვთანამშრომლობთ, მათ აქვთ თბილისის ურბანული ქსოვილის ცოდნა, თბილისში პროექტებზე მუშაობის გამოცდილება.  გრაფტთან ერთად თითქმის 1 წელი ვიმუშავეთ, რომ პროექტი შესაბამისობაში მოგვეყვანა საბჭოს მოთხოვნებთან. იმის მიუხედავად, რომ აღნიშნული საბჭოს შენიშვნები სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს, ჩვენ ისინი მაინც მაქსიმალურად გავითვალისწინეთ. სიუჟეტში იგნორირებულია მნიშვნელოვანი ფაქტები: მაგალითად ის, რომ პროექტის შედეგად გაჩნდება კეთილმოწყობილი სივრცე, რომელიც შექმნის რუსთაველს და მარჯანიშვილს შორის საფეხმავლო კავშირს; მაგალითად ის, რომ პროექტის ფარგლებში კომპანია ვალდებულებას იღებს გაამაგროს და  აღადგინოს  მიხეილ ჯავახიშვილის – სახლ მუზეუმი, შექმნას საჯარო სივრცე, ქუჩათა კომფორტული ქსელი და ა.შ. გარდა აღდგენისა, ჯავახიშვილის სახლი ექცევა ორ სხვადასხვა სანაპიროზე განლაგებულ უმნიშვნელოვანეს უბნებს შორის დაგეგმილი საფეხმავლო კავშირის ცენტრში და მისი აღქმადობა ბევრად იზრდება.

აუცილებელია, რომ ქალაქისთვის ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი გაიმიჯნოს სხვადასხვა ჯგუფების პოლიტიკური ინტერესებისგან და მედიამ საზოგადოებას არა პოლიტიკური სუბიექტების ტენდენციური გამონათქვამები, არამედ ნამდვილი ფაქტები მიაწოდოს. 

დარწმუნებული ვართ, რომ საქანელა პროექტი კიდევ ერთი წარმატებული ადგილი იქნება ქვეყნისთვის და თბილისისთვის, ჩვენი სხვა პროექტების მსგავსად. მზად ვართ პირდაპირი ეთერის რეჟიმში აღნიშნული საკითხზე ვიმსჯელოთ ნებისმიერ პროფესიონალთან, რომელსაც აქვს შესაბამისი ცოდნა და კომპეტენცია. საზოგადოებას კი ყველა ეტაპზე მივაწვდით დეტალურ ინფორმაციას. ყველა დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია პროექტის შესახებ ინფორმაციის მიღება ვებგვერდზე www.sakanela.com

 

Comments
Loading...