სილქნეტმა “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” საქმიანობის ანგარიში წარადგინა

35

2018 წლის ივლისში სილქნეტმა დააფუძნა „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“, რომლის მიზანია სხვადასხვა საბრძოლო მოქმედებებში და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისა და ვეტერანების მხარდაჭერა და სრულფასოვანი ინტეგრაცია საზოგადოებაში.

ამ საქმიანობას ფონდი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტთან და საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან თანამშრომლობით ახორციელებს. ამ თანამშრომლობის ფარგლებში ფონდი წლის განმავლობაში 50-მდე ბენეფიციარს დაეხმარა. დაფინანსდა გადაუდებელი ოპერაციები, მედიკამენტებით უზრუნველყოფა, პროფესიული გადამზადების კურსები, არასრულწლოვანი შვილების სარეაბილიტაციო კურსები და ოპერაციები, ადაპტირების შემთხვევები (ეტლის შეძენა, პანდუსის მშენებლობა) და სხვა.

ფონდის მმართველობამ წლის შემაჯამებელ საღამოზე მიიწვია ბიზნესის, საზოგადოების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე თავდაცვის სამინისტროსა და ვეტერანების კავშირი. ამ საქმიანობის მეტ ეფექტიანობას კომპანია კერძო სექტორთან, სახელმწიფოსთან და საზოგადოებასთან ერთობლივ ძალისხმევაში ხედავს. ფონდმა საზოგადოებას დეტალური ანგარიში წარუდგინა, თუ რა საჭიროებებს მოხმარდა სილქნეტის მიერ გაღებული 120 000 ლარი და ის შემოწირულობები, რაც გასულ წელს ბიზნეს კომპანიებისა და ინდივიდუალური შემოწირულობების მეშვეობით მოგროვდა. ამ დახმარების მთლიანი თანხა 293 600 ლარია.

„ეს არის ის ღირებულება, რომლის გარშემოც უნდა გაერთიანდეს მთელი საზოგადოება“,- ამბობს ფონდის დამფუძნებელი, გიორგი რამიშვილი და მიიჩნევს, რომ საჭიროა, მისი ეფექტური საქმიანობისთვის სხვადასხვა ქვეყნებში არსებული წარმატებული მოდელი იქნეს გათვალისწინებული: „ჩვენ ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ ამ საქმეში წარმატებული ქვეყნებისგან. ფონდს დაფუძნებისთანავე სხვადასხვა ქვეყნების ელჩებიც გვერდში უდგანან და ისინი დღესაც ჩვენთან ერთად არიან. გვინდა, რომ ეს ფონდი გახდეს საყოველთაო. ეს უნდა იყოს მთელი ქვეყნის ფონდი რათა ჩვენი სამშობლოს დამცველი დაჭრილი მეომრების ღირსეული ყოფა უზრუნველვყოთ“.

ფონდის თანადამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა, დავით მამულაიშვილმა მოწვეულ სტუმრებს სრული და გამჭვირვალე ანგარიშგება წარუდგინა სილქნეტის მიერ გაღებული 120 000 ლარისა და იმ შემოწირულობის განკარგვის შესახებ, რაც 2019 წლის განმავლობაში შეგროვდა. „თანადგომა ყველა ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მით უმეტეს, დაჭრილი მეომრებისთვის. ჩვენი მხრიდან, თავიდან ავიღეთ ვალდებულება ყოველწლიურად 120 000 ლარის შეწირულობა გაგვეკეთებინა. ეხლა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მომავალი წლიდან ეს თანხა გავასამმაგოთ და გავხადოთ 320 000 ლარი.

მოხარულები ვართ, რომ ჩვენთან ერთად ძალიან ბევრს გაუჩნდა სურვილი და შემოგვიერთდნენ როგორც კომპანიების, ისე ინდივიდუალური შემოწირულობების სახით. დახმარებებს ვაწარმოებთ კრიტერიუმების შესაბამისად. ვეხმარებით დაჭრილ მეომრებსა და მათ არასრულწლოვან შვილებს როგორც ერთჯერადი დადგენილი თანხით, ასევე 50 პროცენტიანი თანადაფინანსების სახით. თანადაფინანსებისას აუცილებელი პირობაა, რომ საჭირო დაფინანსების ნახევარი უკვე მოძიებული იყოს. ფონდი მხოლოდ ამის შემდეგ აფინანსებს ბენეფიციარებს დარჩენილი თანხით, რაც არის იმის გარანტი, რომ თანხა სრულად იქნას მოგროვებული და დანიშნულებისამებრ გახარჯული“,- განაცხადა დავით მამულაიშვილმა.

გამართულ ღონისძიებაზე მთავრი მიზანი ფონდის მიერ გაწეული ანგარიშის წარდგენა იყო. შემოვიდა, ასევე, შემოწირულობები როგორც კერძო სექტორიდან, ასევე დიპლომატიური მისიებიდან და საზოგადოების წევრებისაგან.

ფონდის მმართველობა დიდ მადლობას უხდის ყველას, ვინც გასულ წელს და ამჯერადაც შეუერთდა ფონდის საქველმოქმედო საქმიანობას.

სილქნეტის მიერ დაფუძნებულ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდს“ სამომავლოდ უფრო ფართომასშტაბიანი გეგმები აქვს, რომელთა განხორციელებას საზოგადოების, ბიზნესისა და სახელმწიფოს მხრიდან ერთობლივ ძალისხმევაში ხედავს.

Comments
Loading...