“სილქნეტმა” “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” მხარდასაჭერად საქველმოქმედო სადილი გამართა

80

საქველმოქმედო სადილი დაჭრილ მეომართა ზრუნვის საქმეში სხვადასხვა კომპანიების, ბიზნესმენების და  საზოგადოების  წევრთა ჩართულობას ისახავდა მიზნად.  ღონისძიებაზე ფონდის მმართველობამ შეკრებილ საზოგადოებას წარუდგინა ფონდის საქმიანობა, მისია და მიზნები. ამის შესახებ შესაბამისს ინფორმაციას კომპანია “სილქნეტი” ავრცელებს.

“სილქ როუდ ჯგუფის” დამფუძნებელმა და ფონდის გამგეობის თავმჯდომარემ, გიორგი რამიშვილმა და “სილქნეტის” გენერალურმა დირექტორმა და ფონდის გენერალურმა დირექტორმა, დავით მამულაიშვილმა ინიციატივით მიმართეს  საზოგადოებას და  ბიზნეს სეგმენტს, რომ გაეერთიანებინათ ძალები   ჩვენი სამშობლოს დამცველი დაჭრილი მეომრების ღირსეული ყოფის უზრუნველსაყოფად. 

ეს ადამიანები ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და მშვიდობის სიმბოლოს წარმოადგენენ. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი  საზოგადოების ასეთი ფასეული წევრების მიმართ მადლიერებისა და მოწიწების გამოხატვა. ეს ჩვენი ვალია. ისინი თავიანთი სიცოცხლის ფასად ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალს იცავდნენ. ეხლა კი, ჩვენი ჯერია, გამოვხატოთ მხარდაჭერა ვისაც როგორ შეგვიძლია. ამისათვის საზოგადოების, ბიზნესისა და სახელმწიფოს ერთიანი ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია” – განაცხადა  ფონდის გენერალურმა დირექტორმა, დავით მამულაიშვილმა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ  ბიზნეს კომპანიები, დიპლომატიური კორპუსი, სამხედრო ატაშეები, თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის წარმომადგენლები, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის, ძირითადი ჯგუფი, ასევე, ქვეყნის ერთიანობისათვის   საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე დაჭრილი მებრძოლები, ვეტერანები, მედია და სხვადასხვა სფეროში მოღვაწე საზოგადოების წევრები.

სიტყვით წარსდგნენ: ნატო – საქართველოს არსებითი პაკეტის – ძირითადი ჯგუფის ლიდერი, საზღვაო კაპიტანი შტეფან ანიგფოფერი, მწერალი ლაშა თაბუკაშვილი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ჭოხონელიძე, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის უფროსი ვლადიმერ იმნაძე და დაჭრილი მებრძოლი, სამხედრო მოსამსახურე  ალუდა სეთურიძე.

საქველმოქმედო ლანჩზე საგანგებოდ მოწვეულ იქნა თავდაცვის სამინისტროს ბენდი.

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი” “სილქნეტმა” ზაფხულში დააფუძნა. დაფუძნებისთანავე ფონდის ანგარიშზე “სილქნეტმა” და დაცვის სამსახურმა, კომპანია “დეტმა” ფონდის ანგარიშზე ერთობლივად 120 000 ლარი შეიტანეს (100 000 – კომპანია “სილქნეტი” და 20 000 კომპანია “დეტი”). ფონდი უკვე დაეხმარა რამდენიმე ბენეფიციარს.

საქველმოქმედო სადილზე დასახელდნენ ის კომპანიები და ადამიანები, რომლებმაც ფონდის საქმიანობის ხელშესაწყობად კონტრიბუცია გაიღეს. ლანჩის მსვლელობისას საკმაოდ დიდი თანხები შეგროვდა.

უცხოეთის გამოცდილებით მსგავსი ფონდების საქმიანობაში ამერიკასა და დიდ ბრიტანეთში აქტიურად არის ჩართული როგორც სახელმწიფო, ასევე ბიზნესი და საზოგადოება. სილქნეტის მიერ დაფძნებული ფონდის მიზანიც სწორედ ის არის, რომ საქართველოშიც პრიორიტეტული გახდეს ქვეყნის ერთიანობისთვის მებრძოლი დაჭრილი მეომრების თანადგომა და მათი საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაცია.

საგანგებოდ შეიქმნა ფონდის ვებ გვერდი: www.wwsf.ge, სადაც ყველა საჭირო ინფორმაციაა, როგორც შემომწირველებისთვის, ისე ბენეფიციარებისთვის.  ასევე, განთავსებულია ყველა სიახლე და  ფონდის საქმიანობის განახლებადი ანგარიში. ფონდი თანამშრომლობს: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტთა და სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან.

Comments
Loading...