სილქნეტი “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდს” აფუძნებს

115

სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაჭრილი მეომრები ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების უმნიშვნელოვანეს ფასეულობას – თავისუფლებისა და მშვიდობის სიმბოლოს წარმოადგენენ, რომელთა მიმართ მადლიერების და მხარდაჭერის გამოხატვა ყველა მოქალაქის საპატიო მოვალეობაა. ამ საკითხში ბიზნესის, როგორც კორპორაციული მოქალაქის როლი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, კომპანია სილქნეტმა გამოთქვა მზადყოფნა სათავეში ჩაუდგეს ფონდს, რომელიც იზრუნებს ამ მნიშვნელოვან საკითხზე.

16 ივლისს, 15:00 საათზე "რესპუბლიკაში" სილქნეტის ინიციატივით გაიმართება მიღება, სადაც საზოგადოებას დეტალურად გააცნობენ "დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის" მიზნებსა და უახლოეს გეგმებს. ეს ინიციატივა არის გაგრძელება იმ მნიშვნელოვანი წამოწყებისა, რომელიც 2017 წლიდან ფონდის სახით თავდაცვის სამინისტროს ფარგლებში მოქმედებდა და ემსახურებოდა საქართველოს ჯარის მოქმედი კონტინგენტის დაფინანსებას.

თუმცა, გაჩნდა საჭიროება როგორც ფონდის ბენეფიციართა კონტინგენტის, ასევე პოტენციური დონორების წრის გაფართოების მიზნით, ფონდის განვითარებაზე კერძო სექტორს ეზრუნა.

სწორედ ამიტომ, ფონდს სათავეში კომპანია სილქნეტი ჩაუდგა, რომელიც პროექტის განვითარებისთვის ყოველწლიურად, სულ მცირე, 100,000.00 ლარს გაიღებს და მუდმივად იზრუნებს ფონდის მხარდამჭერთა ზრდაზე. სილქნეტი ყველა ბიზნესორგანიზაციას, საქველმოქმედო ფონდებს, თითოეულ მოქალაქეს სთავაზობს შეუერთდეს ფონდის საქმიანობას და გახდეს ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანესი ინიციატივის თანამონაწილე.

ახალი ფონდის ხედვა, მისია და მიზნები დაეფუძნება გამჭვირვალე და პასუხისმგებლიან საქმიანობას, რომლის ანგარიშსაც ფონდის სამეთვალყურეო საბჭო ეტაპობრივად წარუდგენს საზოგადოებას და აწარმოებს აქტიურ კომუნიკაციას ფონდის ბენეფიციარების შესახებ.

Comments
Loading...