სილაგავა: ხორბლის მანქანებით ტრანსპორტირების წილი ბაზარზე 10-15%-ს შეადგენს

54
"მიზანშეწონილია და ცივილური წესია, რომ ხორბლის გადაზიდვა განხორციელდეს სარკინიგზო ტრანსპორტით და გემით",- აღნიშნა ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ.
 
მისი განცხადებით, ხორბლის მანქანებით ტრანსპორტირების წილი ბაზარზე 10-15%-ს შეადგენს, დანარჩენი მოცულობა კი სწორედ სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტზე მოდის.
 
"ამ შემთხვევაში, საუბარია გზის გადატვირთვის პრობლემაზე თვითონ ვიყავი მომსწრე, ლარსის მიმართულებით რამხელა რიგებია გადაჭიმული. აღნიშნული მანქანები არა მხოლოდ ხორბლის ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება, ეს არ არის სპეციალურად ხორბლის გადამზიდი მანქანები, მათ ასევე შეუძლიათ გადაზიდონ ნებისმიერი ალტერნატიული ტვირთი, როგორც სოფლის მეურნეობის პროდუქცია, ისე სხვა პროდუქტი.
 
ჩვენ კარგად გვესმის მძღოლების პოზიცია, რომ მათ ექმნებათ გარკვეული პრობლემები, თუმცა როგორც ვთქვი, ამ მანქანებს შეუძლიათ სხვა ტვირთიც გადაზიდონ, მათი გამოყენება შესაძლებელია შიდა გადაზიდვებისთვისაც, მათ შორის დაანონსებულია, რომ ხორბლის უხვი მოსავალია საქართველოში,"- განაცხადა ლევან სილაგავამ.
 
მისი თქმით, 2008 წლის ომის შემდგომ, გაერომ შეიმუშავა რეკომენდაცია, რომელიც ითვალისწინებს ხორბლის მარაგის შექმნას, რათა ქვეყანას ჰქონდეს ხორბლის მოხმარების ორი თვის მარაგი.
 
"ამ მარაგის 90%-ის აკუმულირება ქვეყანაში ხდება გემით და რკინიგზით. გემს მოაქვს სამიათასი ტონა, მანქანას ოცი ტონა, მათი შედარებაც არ შეიძლება, ამიტომ მარაგების მხრივაც ამ რეგულაციით ქვეყანაში პრობლემა არ შეიქმნება," – განაცხადა ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა.
Comments
Loading...