სექტემბერში წინა თვესთან შედარებით, სარეზერვო ფულის მაჩვენებელი 26.8 მილიონი ლარით გაიზარდა

262

2017 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით, სარეზერვო ფულის მაჩვენებელი 26.8 მლნ ლარით (0.8 პროცენტით) გაიზარდა და საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის 3.6 მლრდ ლარი შეადგინა.

საშუალო მაჩვენებლის მიხედვით, წინა თვესთან შედარებით, მონეტარული ბაზა 96.6 მლნ ლარით (2.8 პროცენტით) გაიზარდა. პერიოდის ბოლოსათვის სარეზერვო ფულის წლიური ზრდის მაჩვენებელი 16.3 პროცენტს გაუტოლდა. 

საანგარიშო პერიოდში, სავალუტო აუქციონის მეშვეობით ეროვნულ ბანკს ინტერვენციები არ განუხორციელებია. შიდასამთავრობო კონვერტაციებით, საქართველოს ეროვნული ბანკის წმინდა სავალუტო შესყიდვებმა სექტემბერში 27.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. შედეგად, აღნიშნული ოპერაციების მიხედვით წმინდა უცხოური აქტივები გაიზარდა 27.7 მლნ დოლარით.

2017 წლის სექტემბერში, მთავრობის დეპოზიტებზე არსებული სახსრები 56.6 მლნ ლარით გაიზარდა და მისი მოცულობა პერიოდის ბოლოსთვის 936.5 მლნ ლარს გაუტოლდა.

საანგარიშო პერიოდში, განთავსდა 20.0 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების სადეპოზიტო სერტიფიკატები და დაიფარა 20.0 მლნ ლარის სადეპოზიტო სერტიფიკატი. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში კომერციული ბანკები სარგებლობდნენ რეფინანსირების სესხებით. საანგარიშო პერიოდის ბოლოსათვის, ამ ინსტრუმენტით გაცემული სესხების ნაშთი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 70.0 მლნ ლარით და 100.0 მლნ ლარს შეადგენს. გალარების პროგრამისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მხარდამჭერი ინსტრუმენტებით გაცემული სესხების ნაშთი

სექტემბრის ბოლოსთვის შემცირდა 5.5 მლნ ლარით და შეადგინა 241.9 მლნ ლარი. საანგარიშო პერიოდში ასევე გაიცემოდა ერთდღიანი სესხი, რომლის ნაშთი თვის ბოლოსთვის შემცირდა 50.0 მლნ ლარით. სექტემბრის თვეში ბანკების წმინდა დავალიანების მოცულობა 14.4 მლნ ლარით გაიზარდა და პერიოდის ბოლოსთვის 1582.3 მლნ ლარს გაუტოლდა.

ზემოაღნიშნული ფულადი ნაკადების მოძრაობის ზეგავლენით, საანგარიშო პერიოდში სარეზერვო ფულის მაჩვენებელი 26.8 მლნ ლარით გაიზარდა. მათ შორის, ნაღდი ფული მიმოქცევაში 61.3 მლნ ლარით გაიზარდა. საქართველოს ეროვნულ ბანკში კომერციული ბანკების ეროვნული ვალუტით განთავსებულ საკორესპონდენტო ანგარიშებზე ნაშთები 69.7 მლნ ლარით შემცირდა და 399.1 მლნ ლარი შეადგინა. 35.2 მლნ ლარით გაიზარდა კომერციული ბანკების ერთდღიან დეპოზიტებზე არსებული ნაშთები.

Comments
Loading...