სექტემბერში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხები 370.6 მლნ ლარით გაიზარდა

278

2017 წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება 604.5 მლნ ლარით გაიზარდა და 19.83 მლრდ ლარს გაუტოლდა. კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების პორტფელის წლიურმა ზრდის ტემპმა კი 23.0 პროცენტი შეადგინა

გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, სესხების წლიური ზრდა 15.2 პროცენტი იყო. საკრედიტო პორტფელის ზრდაზე გავლენა მოახდინა ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მატებამ. გარდა ამისა საკრედიტო პორტფელის ზრდაზე გავლენა მოახდინა უცხოური ვალუტით გამოსახული სესხების ლარით გამოსახული მაჩვენებლის ზრდამ, სადაც ზრდა განპირობებულია ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურების შედეგად უცხოური ვალუტის სესხების გადაფასებით.

სექტემბრის ბოლოსთვის, საკრედიტო პორტფელის 81.8 პროცენტი გრძელვადიან სესხებზე მოდიოდა, რომლის 61.2 პროცენტი უცხოური ვალუტით იყო გაცემული. მოკლევადიან სესხებში კი უცხოური ვალუტით სესხების წილი 36.5 პროცენტს შეადგენდა.

საანგარიშო პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხები 370.6 მლნ ლარით (4.5 პროცენტით) გაიზარდა და 8.59 მლრდ ლარს გაუტოლდა. უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა სექტემბერში 5.3 მლნ აშშ დოლარით (0.1 პროცენტით) შემცირდა და პერიოდის ბოლოს 4.67 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ამ კატეგორიის კრედიტების 56.7 პროცენტს იურიდიულ პირებზე გაცემული სესხები შეადგენდა, ხოლო 85.9 პროცენტი გრძელვადიან დაკრედიტებას უჭირავს. 56.5 პროცენტს შეადგენს სესხები უცხოური ვალუტით. უცხოური ვალუტით დაკრედიტების კლება, ძირითადად იურიდიული პირების დაკრედიტების შემცირებით არის გამოწვეული.

Comments
Loading...