სესხის ვადაგადაცილების შემთხვევაში, მომხმარებელს სტატუსი “ნეგატიური” აღარ მიენიჭება

72

სესხის ვადაგადაცილების შემთხვევაში, მომხმარებელს სტატუსი "ნეგატიური" აღარ მიენიჭება და საინფორმაციო ბიუროში ასახული იქნება მხოლოდ ფაქტობრივი მონაცემები მსესხებლის საკრედიტო ისტორიის შესახებ. შესაბამისად, საფინანსო ორგანიზაციები სესხის გაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მხოლოდ საკრედიტო ისტორიის მიხედვით მიიღებენ.

ცვლილებები საკრედიტო-საინფორმაციო ბიუროების რეგულირების ფარგლებში განხორციელდება, რომლის მიხედვითაც, სექტემბრიდან ბიუროებზე ეროვნული ბანკის ზედამხედველობა გავრცელდება.

უშუალოდ როდიდან გაუქმდება ნეგატიური სტატუსის დეფინიცია, ჯერჯერობით უცნობია.

"დღემდე ვადაგადაცილების შემთხვევაში ენიჭებოდა სტატუსი – ნეგატიური ისტორიას, ამ შემთხვევაში ეს სტატუსი აღარ იქნება და უბრალოდ ასახული იქნება საკრედიტო ისტორიაში რეალური მონაცემები, მაგალითად, რამდენდღიანი ვადაგადაცილება აქვს ამა, თუ იმ მომხმარებელს.

სტატუსის გაუქმება ავტომატურად არ ნიშნავს საკრედიტო ისტორიის გაუმჯობესებას, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ბაზარზე გარკვეული ტიპის პროდუქტებზე გადაწყვეტილებები მიიღებოდა მხოლოდ მოდელის მიხედვით, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებდა კონკრეტული სტატუსის მიხედვით. რადგან ეს სტატუსი უქმდება, სესხის გამცემს ექნება მეტი მოტივაცია, რომ მეტი ინფორმაცია მიიღოს და ამ შემთხვევაში უფრო კარგად შეაფასოს კლიენტის გადამხდელუნარიანობა და ისე მიიღონ გადაწყვეტილება სესხის გაცემაზე", – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

Comments
Loading...