სემეკში ბაზრის მონიტორინგის წესების გაუმჯობესებაზე იმსჯელეს

351

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნულ კომისიაში (სემეკ), ენერგეტიკის ბაზრის მონიტორინგის შესახებ საჯარო განხილვა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ ენერგეტიკული ბაზრის მონაწილეები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და უცხოელი ექსპერტები, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

შეხვედრაზე სემეკის წარმომადგენლებმა ნიკოლოზ სუმბაძემ და სოფიო ჩოქურმა  საქართველოში ბაზრის მონიტორინგის განვითარების სფეროში არსებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ ისაუბრეს. ყურადღება გაამახვილეს ბაზრის მონაწილეთა ვალდებულებებზე, ბაზრის მონიტორინგის ანგარიშებსა და მარეგულირებელი უწყების უფლებამოსილებებზე.

ავსტრიის ენერგეტიკის მარეგულირებელი უწყების უფროსმა, ეკონომისტმა კლემენს ვაგნერ-ბრუშეკმა, ისაუბრა ბაზრის მონიტორინგის მნიშვნელობის შესახებ. ეროვნული მარეგულირებელი უწყებების მოვალეობა ელექტროენერგიის ბაზრის მონიტორინგის თვალსაზრისით  განსაზღვრულია ევროკავშირის დირექტივაში 72/2009, რომელიც მარეგულირებელს ანიჭებს ელექტროენერგიის მწარმოებლებისაგან შესაბამისი ინფორმაციის წარდგენის მოთხოვნის უფლებამოსილებას. ბაზრის პირობების, მონაწილეთა მიერ წესების დაცვისა და ბაზრის ფუნქციონირების მონიტორინგი საშუალებას აძლევს მარეგულირებელ უწყებას აწარმოოს ბაზრის გაუმჯობესებული მონიტორინგი და შექმნას ადაპტირებული მარეგულირებელი კანონმდებლობა. აღნიშნულის შედეგად, ბაზრის ყველა მონაწილე, საბოლოო მომხმარებელის ჩათვლით, მიიღებს ისეთ სარგებელს, როგორიცაა გაუმჯობესებული გამჭვირვალობა, მიწოდების უსაფრთხოება და ბაზრის ეფექტური ფუნქციონირება.

ღონისძიება ტარდება ევროკავშირის მიერ 1 მლნ ევროს ოდენობით დაფინანსებული დაძმობილების პროექტის ეგიდით, რომელიც ხორციელდება ქართველი, ავსტრიელი და ლიტველი ენერგეტიკის მარეგულირებელი უწყებების მიერ, საქართველოში საბოლოო მომხმარებლებისა და ინვესტორებისათვის გამარტივებული, ეფექტიანი და გამჭვირვალე საბაზრო გარემოს შექმნის მიზნით. დაძმობილების პროექტი, რომლის ხანგრძლივობაა 21 თვე, მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება. პროექტის განმახორციელებელი პარტნიორები არიან საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია, ავსტრიის ენერგეტიკის ეროვნული მარეგულირებელი უწყება და ლიტვის ეროვნული მარეგულირებელი უწყება.

Comments
Loading...