სემეკმა შპს “ჯორჯია უოთერ ენდ ფაუერი” დააჯარიმა

302

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ  (სემეკ) შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო დააჯარიმა. კომპანიას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 5000 ლარის გადახდა დაევალა.

სემეკის მომსახურების კომერციული ხარისხის კონტროლის სამსახურის მიერ დადგინდა, რომ შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" მომხმარებელთა განაცხადების ვადაში დასრულებას ახდენდა ხელოვნურად.  კერძოდ, შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს" 2017 წლის პირველი იანვრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით, კომისიის მიერ შემუშავებულ ელექტრონულ ჟურნალში დაფიქსირებული ჰქონდა 1057 ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების ქსელზე მიერთების განაცხადის დროულად დასრულება. თუმცა, აქედან მხოლოდ 113 იყო დასრულებული მრიცხველის ექსპლუატაციაში გაშვების აქტით.

2016 წლის 25 ივლისის №13 დადგენილებით კომისიის მიერ დამტკიცდა "მომსახურების კომერციული ხარისხის წესები" აღნიშნული დადგენილების თანახმად, საწარმოები, მათ შორის წყალმომარაგების ლიცენზიატები,  ვალდებულნი არიან აწარმოონ ელექტრონული ჟურნალი. ელექტრონული ჟურნალი არის კომისიის მიერ შემუშავებული პროგრამული  უზრუნველყოფის სისტემა, რომლის მეშვეობითაც კომისია რეალური დროის რეჟიმში ახორციელებს კონტროლს  კომპანიების მიერ წესების შესრულებაზე.

Comments
Loading...