სემეკმა სასმელი წყლის ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების მეთოდოლოგიის პროექტი წარადგინა

365

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინიციატივით წყალმომარაგების სექტორში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც კომისიამ სასმელი წყლის ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების მეთოდოლოგიის პროექტი წარადგინა. კომისიის წარმომდგენლებთან ერთად შეხვედრას ესწრებოდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, წყალმომარაგების სექტორში მოქმედი კომპანიების წარმომადგენლები და უცხოელი ექსპერტები. შეხვედრა გახსნა კომისიის თავმჯდომარემ ირინა მილორავამ.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სასმელი წყლის მიწოდების უწყვეტობასა და წყალმომარაგების სისტემაში არსებული დანაკარგების სიჭარბეზე.  კომისიის წარმომადგენლებმა ისაუბრეს წყალმომარაგების სისტემებში დანაკარგების შემცირებასთან და სისტემების ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაგეგმვის პრინციპებზე, დარგში მოქმედ ორგანიზაციებსა და დაინტერესებულ მხარეებს შორის ინფორმაციის გაზიარებაზე.

სასმელი წყლის ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების შესახებ კომისიის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის შესაბამისად, წყალმომარაგების სექტორში მოქმედ კომპანიებს ინდივიდუალურად დაუდგინდებათ ქსელში არსებული დანაკარგების შემცირების ვადები და სამიზნე მაჩვენებლები.

აღნიშნულ შეხვედრაზე, დანაკარგების მონიტორინგისა და მათი შემცირების შესახებ საკუთარი ხედვები წარადგინეს შპს  "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის", შპს "ბათუმის წყალის" და შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" წარმომადგენლებმა.

Comments
Loading...