“სემეკი” მუხიანი 2-ის დასახლებაში GWP-ის წყალმომარაგების საინვესტიციო პროგრამას განიხილავს

59

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 21 თებერვლის საჯარო სხდომაზე განიხილა მუხიანი 2-ის დასახლების წყალმომარაგების პრობლემასთან დაკავშირებული საკითხი. ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

“სემეკმა” მუხიანი 2-ის დასახლების წყალმომარაგების პრობლემების აღმოსაფხვრელად შპს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს” დეტალური საინვესტიციო პროგრამის კომისიაში წარდგენა დაავალა.

საინვეტიციო პროგრამის განხილვა და კომისიასთან შეთანხმება მოხდება მიმდინარე წლის 1-ლი მარტის საჯარო სხდომაზე. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება დაესწროს განხილვას.

კომისიამ პრობლემური საკითხის შესწავლა მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყო. გარდა ამისა, ბოლო პერიოდის განმავლობაში მუხიანის 2-ის დასახლებაში (მუხიანის აგარაკები) სასმელი წყლის ხშირი წყვეტების გამო კომისიის ქოლ ცენტრში არაერთი ზარი დაფიქსირდა, ასევე, მაღალი იყო მოქალაქეთა მომართვიანობა კომისიის Facebook გვერდზეც.

კომისია შეახსენებს მოქალაქეებს, რომ იმ შემთხვევაში თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. მოქალაქეებს კონსულტაციების მიღება შეუძლიათ როგორც ცხელ ხაზზე 16 216, ასევე, სემეკის Facebook გვერდზეც.

Comments
Loading...