სებ-ს დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსგან დეპოზიტის მიღების უფლება ექნება

8

საქართველოს ეროვნულ ბანკს დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსგან დეპოზიტის მიღების უფლება ექნება – ამას პარლამენტის მიერ მიღებული ახალი კანონი ითვალისწინებს, რომელიც 2022 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედდეს.

კანონის თანახმად, სსიპ “დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს” შეუძლია, ეროვნულ ბანკში გახსნას სადეპოზიტო ანგარიში. ამასთანავე, კანონის მიხედვით, სებ-ს დეპოზიტების მიღება ქვეყანაში მოქმედი კომერციული ბანკებისგანაც შეუძლია.

“ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, ჰქონდეს კომერციული ბანკების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების, მნიშვნელოვანი სისტემის მონაწილეების, საპენსიო სააგენტოს და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ანგარიშები და მიიღოს მათგან დეპოზიტები თავის მიერ დადგენილი წესებისა და პირობების შესაბამისად. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, კომერციული ბანკის რეზოლუციის მიზნებისთვის გახსნას ანგარიში − სარეზოლუციო ფონდი”, – ნათქვამია კანონში.

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო კომერციულ ბანკებში განთავსებულ 15,000 ლარამდე მოცულობის დეპოზიტებს აზღვევს. დაზღვევა ამ დროისთვის მხოლოდ ფიზიკური პირების ანგარიშებზე ვრცელდება, თუმცა პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც დეპოზიტების დაზღვევას იურიდიულ პირებზეც აფართოებს.

2020 წლის 1 ივლისიდან ფიზიკური პირებისთვის დეპოზიტების დაზღვევის ზღვარი, 5000 ლარიდან 15 ათას ლარამდე გაიზარდა. იურიდიული პირების შემთხვევაშიც, ზღვარი 15 000 ლარი იქნება.
დეპოზიტების დაზღვევის ყოველთვიურ საფასურს (პრემიას) კომერციული ბანკები დეპოზიტების დაზღვევის სახელმწიფო სააგენტოს უხდიან. ლარის ანგარიშისთვის ყოველთვიური პრემია დეპოზიტის – 0.067%, ხოლო უცხოური ვალუტის ანგარიშისთვის კი პრემია 0.1%-ის ტოლია. უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში ბანკების მიერ ყოველთვიურად გადახდილი პრემიის მოცულობა საშუალოდ 2.5 მილიონი ლარია. 2020 წლის განმავლობაში საბანკო სისტემამ დაზღვევის პრემიის სახით სულ 22.6 მილიონი ლარი გადაიხადა. მთლიანობაში დეპოზიტების დაზღვევის ფონდის მოცულობა 66.6 მილიონი ლარია. სააგენტო ამ თანხას ძირითადად სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში აბანდებს.

იმ შემთხვევაში თუკი რომელიმე კომერციულ ბანკში კრიზისი შეიქმნება და ბანკი დეპოზიტართა თანხების დაბრუნებას ვერ შეძლებს, მომხმარებელი თანხას სწორედ დეპოზიტების დაზღვევის სისტემიდან მიიღებს.

Comments
Loading...